მძიმე მდგომარეობის გამო, ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება

0
146

ბახმუტში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება. უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ყვებიან, რომ მდგომარეობა ადგილზე მძიმეა.

ნადიმ ხმალაძის თქმით, ყველა ქართული ქვედანაყოფი მზადყოფნაშია შევიდეს ეპიცენტრში და გამოასვენონ დაღუპული ქართველები, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე მათ ამის უფლებას არ აძლევენ.

“ჩვენი დაღუპული მებრძოლები ჯერჯერობით არიან რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათი ტყვეობის ქვეშ. 12-კაციანი ჯგუფი მზად ვიყავით უკრაინელებთან ერთად პატარა სპეცოპერაციის ჩასატარებლად, მაგრამ იმდენად მძიმეა იქ სიტუაცია და იმხელა ძალებთან შეიძლებოდა გვქონოდა შეხება, რომ ბოლოს უარი გვითხრეს. ქართული ლეგიონის ბიჭები და ხელმძღვანელობა მზად იყო, რომ შესულიყვნენ და ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია. მთელი უკრაინული სამთავრობო თუ სამხედრო სტრუქტურები მუშაობენ, რომ ჩვენი მებრძოლების ცხედრები გადმოასვენონ კიევში”, – თქვა ნადიმ ხმალაძემ.

5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.

ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

წინა სტატიაუკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
შემდეგი სტატიააღენიშნება სისუსტე, მოძრაობის შეზღუდვა, წონაში კლება – “ვივა მედის” დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური