“ყველა, გამონაკლისის გარეშე, ხვდება, რომ ცრუობს” – რა ხდება რუსულ “პირველ არხზე” – MEDUZA

0
353

გამოცემა “MEDUZA” ვრცლად იმის შესახებ, თუ ვინ არის მარინა ოვსიანიკოვა და რა სიტუაციაა “პირველ არხზე” უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. 

მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც ბოლო დღეებში თითქმის მთელი მსოფლიო აალაპარაკა, 1978 წელს, ოდესაში დაიბადა და მისი ქალიშვილობის გვარია ტკაჩუკი. მამამისი უკრაინელია, დედა – რუსი. ოვსიანიკოვა პროფესიონალი მოცურავეა, პირველთანრიგოსანი. გადაცურული აქვს ვოლგა და ბოსფორის სრუტე. 

1997 წელს ოვსიანიკოვა ყუბანის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იმ პერიოდში იყო ახალი ამბების წამყვანი “ყუბანის დღე” ტელეარხ “ყუბანზე” (შედის რუსეთის სახ. ტელერადიოკორპორაციაში). 

“მედუზამ” გაარკვია, რომ ოვსიანიკოვას თანაკურსელი იყო RT-ს რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი. სიმონიანი უარყოფს, რომ ის და მარინა თანაკურსელები იყვნენ, მაგრამ ადასტურებს, რომ კონკუენციას უწევდა ოვსიანიკოვას ტელეთერში ადგილის დასამკვიდრებლად, “მაგრამ მარინა იმ დროს თითქმის ყოვლისშემძლე “ყუბანის” დირექტორის ვლადიმირ რუნოვის რჩეული იყო, ამიტომ ის გაავებულ წინააღმდეგობას უწევდა ჩემს დანიშვნას კრასნოდარის მხარეში სახტელერადიოკორპორაციის კორესპონდენტად, რადგანაც მისთვის უნდოდა ეს ადგილი”.

ოვსიანიკოვა რომ რუნოვის პროტეჟე იყო, კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დაადასტურა, რომელსაც “მედუზა” ესაუბრა. 

თავად რუნოვი, რომელიც “ყუბანს” ხელმძღვანელობდა 1993-2002 წლებში, ასეთ კომენტარს აკეთებს მარგარიტა სიმონიანის სიტყვებზე: “ეს არ არის სიმართლე. მე არ შემეძლო ხელი შემეშალა სიმონიანის კარიერული წინსვლისთვის. მე მასთან არასდროს მიმუშავია. მეტიც, მას სხვა გამცილებლები, თანმხლები პირები ჰყავდა. ის ჯერ კიდევ მაშინ შესამჩნევი ფიგურა იყო”. 

რუნოვი ოვსიანიკოვას “მიმწოლ ქალად” ახასიათებს, რომლის შეჩერება ძალიან ძნელი იყო: “მას მუდამ ჰქონდა სურვილი, ყოფილიყო გამორჩეული და თავისი გაეტანა. კარგია, რომ რეალიზება მოახერხა. რუნოვმა მარინას საპროტესტო აქცია ნეგატიურად შეაფასა:

“მის ქცევაში გმირობას და სიმამაცეს ვერ ვხედავ. ჩემთვის ეს უფრო სიბრიყვის მაჩვენებელი: ჟურნალისტიკით დაკავებული უნდა იყო, უნდა წერო ან გადაიღო. და არა ეძებო თავგადასავალი შენივე უკანალისთვის”, – განაცხადა რუნოვმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ ოვსიანიკოვას შესთავაზა მოსკოვში სასწავლებლად წასვლა, კერძოდ კი რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიაში. რუნოვმა ოვსიანიკოვას სარეკომენდაციო წერილი დაუწერა. იქ მარინა 2001-2005 წლებში სწავლობდა. 

კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით “მედუზა” წერს, რომ “ვრემიაში” ოვსიანიკოვა მისმა ქმარმა, RT-ს რეჟისორმა იგორ ოვსიანიკოვმა მოაწყო. “დედამისი – ირინაც იქ მუშაობდა და ტიტრების რედაქტორი იყო. მარინა კორესპონდენტებთან მუშაობდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან მათგან აგროვებდა ცნობებს, ეს იყო მისი დანიშნულება. იგორსა და მას ორი შვილი ჰყავთ, უფროსი თითქმის 18 წლისაა”, – ეუბნება წყარო “მედუზას”. 

მისივე თქმით, 14 მარტს, თავისი ანტისაომარი აქციის შემდეგ, ოვსიანიკოვამ შეუფერხებლად დატოვა სტუდია, მაგრამ შემდეგ უკვე სწრაფი რეაგირება მოახდინა სააპარატომ და უსაფრთხოების სამსახურმა. მარინა მას შემდეგ აიყვანეს, რაც მან სტუდია დატოვა.  

“პირველი არხის” პრესსმსახურში “მედუზას” არ უპასუხეს შეკითხვაზე, რის საფუძველზე ჰყავდა აყვანილი უსაფრთხოების სამსახურს მარინა მას შემდეგ, რაც ის სტუდიიდან გამოვიდა. 

ოვსიანიკოვას ყოფილი კოლეგა, ჟურნალისტი იგორ რისკინი იხსენებს, რომ ეთერში გამოჩენისთანავე სმს მისწერა მარინას, რომ მზად იყო დასახმარებლად. მარინამ მოსკოვის დროით 23:07 საათზე უპასუხა, რომ ოსტანკინოს პოლიციის განყოფილებაშია. რისკინის თქმით, ამის შემდეგ ოვსიანიკოვა ხაზზე არ გამოსულა. 

რისკინი “პირველ არხზე” 2002 წლიდან მუშაობდა, 2006 წელს იყო კორესპონდენტი ვაშინგტონში, 2009 წელს კი სამსახურიდან წავიდა. მისი თქმით, ამის საფუძველი გახდა 2008 წლის ომი საქართველოში და ის, თუ როგორ შუქდებოდა ეს ომი “პირველ არხზე”. 

“ჩემზე საშინლად იმოქმედა 2008 წლის ომმა საქართველოში და იმან, თუ როგორ აშუქებდნენ ამ ომს ჩემი კოლეგები. და რახან მე ვიყავი “პირველ არხზე”, ეს ჩემი პასუხისმგებლობაც იყო, იმის მიუხედავად, რომ მასში პირდაპირ არ ვმონაწილეობდი. ამის გამო სრული შოკი მქონდა და ჩემი გადაწყვეტილებაც ამან განაპირობა. მე არ მომიწყვია სკანდალი, არც ხმამაღლა გამიპროტესტებია –  უბრალოდ, დავტოვე “პირველი არხი”, – უთხრა რისკინმა “მედუზას”.   

რისკინის თქმით, სოცქსელებში შეხვდა განხილვა, რომ ეს აქცია, ლამის ტელეარხის მოწყობილია და რომ ოვსიანიკოვა ვერ შეძლებდა დაცვის სამსახურისთვის გვერდის ავლას და სტუდიაში შესვლას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. 

“ასე ამბობენ ისინი, ვინც არასდროს ყოფილა ოსტანკინოში, ტელეცენტრის ახალ სტუდიაში, საიდანაც ამჟამად “ვრემია” მაუწყებლობს. ეს ყოფილი საკონცერტო სტუდიაა, სადაც ადრე იწერდნენ სახელგანთქმულ გადაცემებს, მაგალითად “ვოკრუგ სმეხა”.

სამუშაო ადგილები და რედაქტორების კომპიუტერები თვითონ სტუდიაშია განთავსებული, წამყვანის ზურგსუკან”, – ხსნის რისკინი, – “რა თქმა უნდა, დაცვა იქ არის, მაგრამ სტუდიის შესასვლელთან და არა სტუდიაში.

რედაქტორები ცვლაში მუშაობენ, კვირის განმავლობაში. მცველებს მათი სახეები ახსოვთ. ყველა ერთმანეთს იცნობს და სტუდიაში ოთხად გაკეცილი პლაკატის შეტანა, მისი გაშლა და რამდენიმე წამით წამყვანის ზურგსუკან დადგომა ტექნიკურად რთული სულაც არ არის.

მე ვვარაუდობ, რომ სტუდიაში მარინას ვერავინ დააკავებდა, იმიტომ რომ იქ არავინ იყო, ხოლო სააპარატოდან (რომელიც სტუდიის თავზეა) სიგნალის მიღების შემდეგ დაცვამ მარინა აიყვანა მას შემდეგ, რაც ის სტუდიიდან გამოვიდა”.

კიდევ ერთი წყარო “პირველი არხიდან” “მედუზას” ეუბნება, რომ მცველი ნამდვილად იმყოფება სტუდიაში და მისი კუთხე განთავსებულია წამყვანის მაგიდის სიახლოვეს, მაგრამ მან ოვსიანიკოვას საქციელზე რეაგირება ვერ მოასწრო, რადგან ადრე მსგავსი არაფერი მომხდარა და მცველი მოვლენების ამგავარად განვითარებისთვის მზად არ აღმოჩნდა.

რისკინის თქმით, მარინა ოვსიანიკოვა წყნარი, მშვიდი ადამიანია, ისტერიკა არასდროს მოუწყვია, მისგან ასეთ საქციელს არავინ ელოდა. 

პარიზში “პირველი არხის” ყოფილი კორესპონდენტი ჟანა აგალაკოვა, რომლის არხიდან წასვლის შესახებ ცნობილი გახდა მარინას აქციიდან მეორე დღეს, მას ახასიათებს, როგორც გაწონასწორებულს და ურთიერთობაში უშუალოს. 

“როგორც ვიცი, მარინა მუშაობდა კორესპონდენტებთან რუსეთის რეგიონებში. მე საერთაშორისო კორ.-ი ვარ და საერთაშორისო ამბების რედაქტორებთან ვმუშაობდი”, – ამბობს აგალაკოვა. მისი თქმით, ჯერ კიდევ 3 მარტს განუცხადა ხელმძღვანელობას, რომ წასვლას აპირებს.

“ახლა საქმეების გადაბარების პროცესში ვარ. პარასკევიდან სრულიად ტავისუფალი ვიქნები”, – თქვა მან. შეკითხვაზე, რატომ გადაწყვიტა არხიდან წასვლა, აგალაკოვა პასუხობს: “მგონი, ისედაც ცხადია, რატომაც…”.

კრეატიული დაგეგმარების დირექციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენა აფანასიევამ, რომელიც არხზე 2006-2021 წლებში მუშაობდა, “მედუზას” უთხრა, რომ არხზე ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, საინფორმაციო პროგრამებიდან, სადაც ოვსიანიკოვა მუშაობდა, არ ეთანხმებიან მომხდარის ოფიციალურ შეფასებებს. 

“ზოგი იქ მუშაობს იმიტომ, რომ გულწრფელად სჯერა იმის, რასაც აკეთებს. ასეთებს ბევრს ვიცნობ. ზოგი იმიტომ მუშაობს, რომ სხვაგან ვერსად წავა, რადგან მედიასივრცე შაგრენის ტყავივით დაპატარავდა. ბენრი იმიტომ ვერ მიდის, რომ აი, შვილები, მშობლები, ფინანსური ვალდებულებები, “მგლის ბილეთის” შიში”, – ამბობს აფანასიევა. 

ტელეარხთან დაახლოებულმა სხვა წყარომ “მედუზას” უთხრა, რომ “არხის ყველა თანამშრომელი ნერვებზეა”.

“ყველანი, გამონაკლისის გარეშე, ხვდებიან, რომ ცრუობენ – მათ თავზე ხომ ჰკიდია ეკრანები Reuters-ის და AP-ს ახალი ამბებით, ზემოდან კი ისეთ ტექსტებს აწვდიან, რაც რეალობას აცდენილია. ომის დაწყების დღიდან საინფორმაციო სამსახურის საშუალო რგოლი პანიკაშია: რატომ ვცრუობთ? რა იქნება ჩვენს თავს?

მაგრამ მათ ხელმძღვანელობა ამშვიდებს, რომ თითქოსდა აი, ახლა დაამხობენ ზელენსკის და ყველაფერი ისევე იქნება, როგორც ადრე იყო. მაგრამ დრო გადის, ზელენსკი ისევ ადგილზეა, ადამიანებს კი, ვინც აზროვნებენ და თანაც, ინფორმაციასთან წვდომა აქვთ, ნერვები ღალატობთ. ოვსიანიკოვას კი ჭკუაც აქვს და ინფორმაციასთან წვდომაც”, – ამბობს “მედუზას” წყარო.  

და ბოლოს, კიდევ ერთი წყარო, რომელმაც “მედუზას” უთხრა, რომ აქციიდან მეორე დღეს “პირველ არხზე” სიმშვიდე იყო და ოვსიანიკოვას საქციელს განსაკუთრებული გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ არხმა “სამსახურებრივი მოკვლევა” დაიწყო. 

საშა სივცოვა, სვეტლანა რეიტერი, სემიონ ბაშკიროვი, “მედუზა”

წყარო: https://meduza.io/feature/2022/03/15/vse-bez-isklyucheniya-ponimayut-chto-vrut

წინა სტატიარუსულ “60 წუთში” ბალტიისპირეთისა და ევროპის დაპყრობის გეგმა განიხილეს [video]
შემდეგი სტატია“ეს-ესაა ომი მოვიგეთ, ლოკალური მაინც” – სერგეი ლოიკო უკრაინელი მეომრის წერილს აქვეყნებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური