“გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალები დაემატა” – პრაისი

0
291

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, აშშ-ს აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ უკრაინის საზღვრიდან რუსულმა სამხედრო ძალებმა არათუ უკან დაიხიეს, არამედ მათი რაოდენობა გაიზარდა. რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გაზრდის საფრთხეებზე ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ კვლავ იმედოვნებს, რომ რუსეთი დიპლომატიის გზას აირჩევს, თუმცა ამბობს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს.

“ჩვენ არანაირი მიზეზი არ გვაქვს დავიჯეროთ, რომ ეს [უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანა] ხდება, უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალები დაემატა. რამდენიმე ნიშანია, რაც ჩვენ შეშფოთების საფუძველს გვაძლევს: განცხადებები, რაც გვესმის ჯარების გაყვანის შესახებ, ჩვენ ვერ შევძელით ამის დადასტურება და ვნახეთ ამის საპირისპირო. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ ფაქტით, რომ რუსებმა საზღვრებთან დამატებითი ძალები მოათავსეს. ისეთი ტიპის ძალები, რომლებიც მათ დასჭირდებოდათ აგრესიული მოქმედების განსახორციელებლად, თავდასხმისთვის უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ დროს”, – თქვა ნედ პრაისმა.

15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბელარუსში წვრთნების შემდეგ, სამხედროების ნაწილის გაყვანას იწყებენ, თუმცა NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინის საზღვართან რუსული სამხედროების შემცირების ნიშანი არ ჩანდა.

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია რუსეთმა 16 თებერვალსაც გაავრცელა.

14 თებერვალს გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა. მისი ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 16 თებერვალს შეჭრილიყო.

მანამდე, 11 თებერვალს აშშ-მა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, “ნებისმიერ დღეს” შეიჭრას. რამდენიმე ქვეყანამ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და საელჩოებში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა.

რა ხდება უკრაინაში?
უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

წინა სტატიარუსეთის სამხედრო აგრესიის რისკი ჯერ ისევ არსებობს – ბაიდენმა და შოლცმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური