ზურაბიშვილი: ეს არის პირველი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომაც პოზიტივია

0
262

 სალომე ზურაბიშვილმა თავისი სიტყვა წინასაახალწლო მიღებაზე დაიწყო იმით, რომ ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების დროა. მისი თქმით,  არსებული სიტუაცია  დამღლელია  საზოგადოებისთვის, იგი არამხოლოდ დაღლილია, გადაღლილია.

,,ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც ოდენობით მაინც შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. ამით არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი რაღაც ერთი ნაბიჯი და ვიმედოვნებ პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის დღეს უკვე ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულოაბს, რომელმაც ჩაძირა რეალურად ჩვენი ქვეყანა, გააჩერა ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე.

მდენად, ამ პროცესის დაწყება, მე მგონი, რომ არის დროული. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო და დრო არის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ რაღაც ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ, ახალ პოლიტიკაზე.

მართალია, რომ ძალიან ბევრი მოვლენა იყო და ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც, პრაქტიკულად, სულ იყო დაპირისპირება, სულ იყო 2 ბანაკი და სამოქალაქო დაპირისპირება.

ეს არის ის, რაც გავიარეთ, რაც ვიცით და რა, მგონი, არავის არ სურს, რომ გამეორებული დავინახოთ ამ ქვეყანაში. ეს წარსულის ფურცლები, რომლებიც დღემდე ერთად არ გაგვიაზრებია, არის ის ფურცლები, რომლებიც ლოდებად გვაწვება დღეს. 

ყველგან ისმის, რომ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელსაც ყველა განიცდის, არის გაუსაძლისი ყველასთვის. ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები და, პრაქტიკულად, ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა, საით უნდა წავიდეთ, რომ ეს დამშვიდდეს და მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომლებიც არის ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი საკითხები – შიდა განვითარება, სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება.

ყველაფერი დაყოფილი არის, თუნდაც ეკლესიაც დაყოფილია. სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სადამდე მიგვიყვანს ეს? ამ დროს იმასაც ვამჩნევთ, რომ ჩვენ გვავიწყდება გარე მსოფლიო. ვართ რაღაცნაირად მიბჯნილი, ჩვენ შიგნით ვუყურებთ და შიგნიდან ვუყურებთ ყველაფერს და გარეთ, ჩვენ ირგვლივ, ძალიან ახლოს რა ხდება, როგორ ხდება, რა საფრთხეებია ეს უკვე გვავიწყდება.

დროა ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან – ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, იმიტომ, რომ არავის, ახალგაზრდა თუ არის და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს თავის თავში, არავის არ უნდა, რომ სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს, ქვეყანაში, სდაც ვერ ხედავს თვითონ, რა არის მისთვის პერსპექტივა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მეც პირდაპირ ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ.  

დროა ქვეყნისთვის, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ დავკარგოთ ყველა ის შანსი, რაც გვაქვს, რაც ჩვენ წინ არის, ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება, ახალ მსოფლიოში, რომელიც დღეს ძალიან სწრაფად ვიტარდება, ჩვენი ფუნქციის მოპოვება. თუ ამ ყველაფერზე ერთად არ ვიფიქრეთ, ცალცალკე, “არა, მე ვიცი და შენ არ იცი, არა, შენ ის ხარ და ეს ხარ” მგონი, ვერსად ვერ წაგვიყვანს.  

ბოლოს, დრო არის ჩემთვის, 3 წელი გავიდა, ამ პერიოდში მე ამ თემაზე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ სიტყვა არ ყოფნის. ბევრი ვისაუბრე ასევე გარე ამ სიტუაციების ექსპერტებთან და ერთი საერთო დასკვნა აქვთ მათ – სანამ კრიზისი ბოლომდე არ არის მისული, მანამდე ასეთი პროცესის დაწყება არათუ არ ღირს, ყოველთვის ღირს, მაგრამ განკუთვნილი არის წარუმატებლობისთვის. საჭირო არის, რომ მიხვიდე ბოლომდე, დაინახო უფსკრული, რომ იმ უფსკრულიდან მართლა გაჩნდეს ერთობლივი ნება პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოებისგან, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

მე ის 3 წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო, ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით არ მაქვს არანაირი ამბიცია პოლიტიკური – მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია, როგორც შემიძლია, დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოხვლა. 

ამ პროცესში თქვენი ყველას ჩართულობა აუცილებელია. აქ დღეს ყველა არ იმყოფება – ეს ძალიან გასაგებია ჩემთვის, იმიტომ, რომ არ შეიძლება, პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს. ჯერ ერთი, ჩვეულებრივი ფორმა არის და მიწვევაზე ვიღაცას შეუძლია, ვირაცას არ შეუძლია, მე ამას არ ვთვლი, რომ შეურაცხყოფა და უხერხულობაა. იქნება ბევრი სხვა საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ის საუბრები, რაც აუცილებელია.    

ეს არის საწყისი პროცესი და მინდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ არ მაქვს რაღაც ჩამოყალიბებული წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე არ ექვემდებარება ცვლილებას. პირიქით, ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით და ამ პროცესის პირველი ეტაპი უნდა იყოს მოსმენა. მე მოვისმინე პირველი კომენტარები და მერეც მოვისმენ, ძალიან გასაგები არის ჩემთვის, რომ მრავალფეროვანი იქნება კომენტარები, იქნება სკეპტიციზმი, იქნება კრიტიკა, უნდობლობა, ეს ჩვენი დღევანდელი ყოფის ნაწილია და ბუნებრივი ნაწილია.

ეს რეაქციები მოსალოდნელიც იყო – ერთ არმეს ამტკიცებს, რომ მართლაც დროა, აქტუალურია ეს თემა, ყველასთვის სხვადასხვა ფორმით, ვინ როგორ ხედავს აქედან გამოსვლის ფორმებსა და გზას. მაგრამ ის, რომ ახლა ამის დრო არის, მგონი საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში არის მოცემულობა.

ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს – ერთი არის ინკლუზიურობა. დღეს ყველა არის პოლარიზებული, ყველა დარგი, სექტორი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უდან იყოს ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. დაიწყება კონსულტაციებით ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე, ყველა სფეროს მონაწილეობით და ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოება და ის ნაწილი, რომელიც რომელიმე მომენტში, რომელიმე ჯგუფის შეხვედრაზე არ არის ჩართული, შეძლოს, გაეცნოს შედეგებს და კონსულტაციების შინაარსი გაიგოს. ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება, წინ უსწრებდეს რამე ფორმის წინაპირობა.”-       განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მიღებას პრეზიდენტთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლები ესწრებიან, უმსხვილესი ოპოზიციური პარტია ენმ  ნიკა მაჭუტაძით არის  წარმოდგენილი. 

წინა სტატიაალვის ხეების სანერგე აბაშაში გარემოსდაცვითი ღონისძიების ფარგლებში ფუნქციონირებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება; ,,სამოქალაქო შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური