საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაითვალისწინა სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს, მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განუცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას.
„მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა,” – წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
წერილის თანახმად, დათქმა გულისხმობს, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გაგრძელდეს.