უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადიცია იგეგმება – ზელენსკი-ღარიბაშვილის გარიგების დეტალები

0
545

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას, რომელიც უკრაინაში 2017 წელს დააკავეს, საქართველოში ექსტრადიციას უპირებენ.

ამის შესახებ “ფეისბუქზე” თეა თუთბერიძე წერს და ხაზს უსვამს, რომ ეს გარიგება წინასაარჩევნოდ შედგა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის, როცა ამ უკანასკნელმა უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ მეგის ქარდავას ექსტრადიცია მოსთხოვა.

უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებიდან სამ დღეში მეგის ქარდავამ იუსტიციის სამინისტროდან მიიღო გადაწყვეტილება მისი ექსტრადიციის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წელს, ნოემბერში აიყვანეს. აყვანისთანავე მან ქვეყნის ხელისუფლებას თავშესაფარი მოსთხოვა.
უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, პირისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, დაუშვებელია მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა.

იმის მიუხედავად, რომ თავშესაფრის მიღების თხოვნაზე ოფიციალურად არც თანხმობაა მიღებული და არც უარი, სამი თვის წინ საემიგრაციო სამსახურმა ქარდავას არ გაუგრძელა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების ვადა, რაც ქარდავას ადვოკატმა სასამართლოში გაასაჩივრა.

აღნიშნული საკითხის განხილვა სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა. ამის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ქარდავას ექსტრადირების შესახებ, რაც ასევე, გასაჩივრდა სასამართლოში მეგის ქარდავას მიერ. სარჩელის განხილვა 26 აგვისტოს იყო დაგეგმილი, მაგრამ 13 სექტემბრამდე გადაიდო, მეგის ქარდავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.

თეა თუთბერიძის ინფორმაციით, პოლიციისა და პროკურატურის ჩარევის შემდეგ კლინიკის მედპერსონალი იძულებული გახდა, მეგის ქარდავას მკურნალობა შეეწყვიტა და ის კლინიკიდან გაეწერა. სწორედ კლინიკიდან გაწერისა და სახლში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე საათის წინ, მეგის ქარდავა მის სახლთან მობილიზებულმა პოლიციამ დააკავა.

თეა თუთბერიძე წერს:

“საქართველოს ხელისუფლებად წოდებულმა რუსეთის მონებმა მორიგი საცირკო სანახაობის მოწყობა დაგეგმეს წინასაარჩევნოდ.

კერძოდ კი, გაურიგდნენ ზელენსკის და შესთავაზე რომ გაუშვებდნენ ე.წ. მიშას საქმეზე დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს თუ უკრაინა მათ გადმოსცემდა მეგის ქარდავას. ეს პროცესი უკვე დაახლოებით ოთხ თვეზე მეტია მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში. გამოუშვეს თუ არა ეს უკრაინელი მეზღვაურები სამ დღეში ქარდავას იუსტიციის სამინისტრო უგზავნის გადაწყვეტილებას ექსტრადირებაზე.

როგორც ჩანს უკრაინაში სამართლებრივი მდგომარეობის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მხრივ მდგომარეობა იმაზე რთულია ვიდრე ვფიქრობდი.

უკრაინა ფეხებზე იკიდებს იმ ფაქტს რომ მეგის ქარდავას მიმართული აქვს თავშესაფრის მოთხოვნით უკრაინის სახელმწიფოსთვის. საემიგრაციო სამსახურმა, იმის გამო რომ ზელენსკისა და ღარიბაშვილს შორის გარიგებაა შემდგარი, არ გაუგრძელა ლეგალურად ცხოვრების უფლება ქარდავას სამი თვის წინ. საემიგრაციოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება მოხდა სასამართლოში. სასამართლოს საქმის განხილვა ჯერ არც დაუწყია და არც უარი არ არის მიღებული თავშესაფრის მოთხოვნაზე ისე მიიღო იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება ქარდავას ექსტადირებაზე.

ქარდავას ადვოკატი დარწმუნებული იყო რომ სასამართლო იუსტიციის სამინისტროს ამ უკანონო გადაწყვეტილებას ექსტრადიციაზე გააუქმებდა, რაც ბუნებრივია არ მოხდა, რადგან პოლიტიკური გარიგებაა შემდგარი!

ადვოკატმა სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში. პროცესი ჩანიშნული იყო 26 აგვისტოს მაგრამ გადაიდო ქარდავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 13 სექტემბერს, რადგან ქარდავას საავადმყოფოში მოუწია დაწოლა. უკრაინის პოლიცია და პროკურატურა ამის გამო ჩავარდა ისტერიკაში, ისინი სახლში მიუვარდნენ ქარდავას და როცა აღმოაჩინეს რომ ის ნამდვილად საავადმყოფოში იწვა, მივარდნენ საავადმყოფოში, შეუვარდნენ პალატაში, ატეხეს მთელი ამბები და ექიმი საბოლოოდ გახადეს იძულებული შეეწყვიტა მკურნალობა და ქარდავა გაეწერა საავადმყოფოდან. სანამ საავადმყოფო გაწერდა ქარდავას, ის დღეები საავადმყოფოსთან იყო მობილიზებული პოლიცია. გამოწერეს თუ არა და აიყვანეს ისე რომ 13 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს არ დაელოდნენ.

ასე რომ ღრუზინებო დაელოდეთ მორიგ საცირკო სანახაობას უახლოეს დღეებში საარჩევნოდ!

ზელენსკი თითქოსდა რუსებს ებრძვის და ამ დროს რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით დევნილ ადამიანის გადასცემას აწერს ხელს რუსების მიერ ხელდასმული ხელისუფლებისთვის საქართველოში! საღოლ!”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მეგის ქარდავას მიმართ ათი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აქვე გთავაზობთ ქართულ მედიაში ჯერჯერობით ერთადერთ, ექსკლუზიურ ინტერვიუს მეგის ქარდავასთან, რომელიც მან 2017 წლის იანვარში “აფხაზეთის ხმას” მისცა და სადაც საზოგადოების მხრიდან მის მიმართ გაჩენილ შეკითხვებს უპასუხა:

ექსკლუზიური ინტერვიუ მეგის ქარდავასთან, “აფხაზეთის ხმა”, 2017 წლის იანვარი:

მეგის ქარდავა: – დავიწყოთ თავიდან, 2003 წელი, ”ვარდების რევოლუცია”, 2004 წელი – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია, პენიტენციალურ სისტემაში სიტუაცია უცვლელია; 2005 წლის დეკემბერი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხემძღვანელად ინიშნება ბაჩო ახალაია და იწყება სისტემის გარდაქმნა, ყველა დაწესებულებებიდან გამოჰყავთ ე.წ. ” კანონიერი ქურდები და ათავსებენ #7 საპყრობილეში(რომლის ხემძღვანელად მე ვინიშნები), სადაც ხდება მათი იზოლირება, გავლენის სფეროს ჩახშობა, პრივილეგიების ჩამორთმევა და კანონის ფორმაში მოქცევა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა მათში გამოიწვია უკმაყოფილება და დაიწყეს მოქმედება იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა, მათ შორის ერთ-ერთი ვიყავი მეც. რადგანაც ჩვენი მოსყიდვა ვერ შეძლეს, დაიწყეს ჩვენზე ბინძური ჭორების გავრცელება და ხმების დაყრა, რაშიც აქტიურად ჩართეს მათ მიერ მოსყიდული ე.წ. ”უფლებადამცველები ” და ჯერ კიდევ შემორჩენილი ” ჩინოვნიკები ”, რომლებიც იღებდნენ ” ქურდულ ხელფასს ”.

– მაგრამ თქვენს მიმართ მაშინვე აგორდა ბრალდებები. მიგაჩნიათ თუ არა, რომ მაშინვე უნდა გაგექარწყლებინათ ისინი, ანუ, უნდა გეპასუხათ, თუკი უსამართლოდ მიგაჩნდათ?

– დიახ, ეს პრივილეგიაჩამორთმეული კრიმინალები გვიწყობდნენ მთელ რიგ პროვოკაციებს, მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებოდით ყველაფერს, სწორედ ასეთი პროვოკაციის ერთ-ერთი მაგალითი იყო ე.წ. ”ციხის ბუნტი”, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ შევძელით ჩამოგვერთვა მათთვის გავლენის სფეროები, როგორც დაწესებულების შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამან გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის გაუმჯობესობა და დანაშაულთა პრევენცია.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ვინც ციხეს აკონტროლებს, ის აკონტროლებს ქუჩას და შესაბამისად, ქვეყანას, ამიტომ ეს ხელს არ აძლევდა ჩვენს მტერს – რუსეთსა და მის სპეც.სამსახურებს, სწორედ აქედან გამომდინარე მათი სამიზნე გახდა ციხეები და ასევე გავხდით ჩვენ, ვინც ხელს ვუშლიდით (ჩვენში ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც შეძლო ციხეებში ადმინისტრაციული კონტროლის დამყარება ბაჩო ახალაიას მეთაურობით და რა თქმა უნდა, იმ ოფიცრებს, ვინც დღეს ტყვეობაშია ან წასულია ქვეყნიდან).

რაც შეეხება შეკითხვას, თუ აქამდე რატომ არ ვცემდი პასუხს, გეტყვით, რომ მე ვიყავი საჯარო მოხელე და თმენის ვალდებულება მქონდა. თუ ვინ ავრცელებდა ასეთ დეზინფორმაციებს და რა მიზანს ემსახურებოდა, ეს კონტრდაზვერვას უნდა დაედგინა, თუ რატომ არ დაადგინა, დღეს ყველასათვის ნათლად დადასტურდა და გაირკვა, რომ ისინი მაშინაც და დღესაც თანამშრომლობდნენ რუსეთის სპეც.სამსახურებთან…

სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უკრაინაში დააკავეს ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, ასევე მტერს გადასცეს ინფორმაცია ყველა იმ ოფიცერზე, ვინც უპირისპირდებოდა და დაუპირისპირდება რუსულ ოკუპაციას (მათ შორის ჩემზეც ).

რუსეთის სპეც.სამსახურებმა, მაშინდელი კონტრდაზვერვის, დღევადელი ”ს.უ.ს”- ის მიერ ”შეკერილი საქმეებით ” დაატყვევეს ან ქვეყნიდან გააქციეს ის პატრიოტი ადამიანები, ვინც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და მომავალშიც შეეწინააღმდეგება რუსულ ოკუპაციას. ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ ომში აუცილებლად გავიმარჯვებთ!

– რა თქმა უნდა, თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს თქვენს მიმართ გავრცელებული მთავარი ბრალდების თემა და მოდით, გკითხავთ, რატომ გაჩნდა საერთოდ, კასრების თემა? ეს მთლიანად სპექტაკლი იყო თუ რაღაც სამალავი მართლაც არსებობდა?

– ეს არის რუსული სპეც.სამსახურები მიერ დადგმული მორიგი უნიჭო ფაბრიკაცია. ამ საქმესთან ჩემი დაკავშირება, მამიდაჩემის სახლიდან მოპარული ბაბუაჩემის დღიურით,რომელშიც იყო ჩანაწერი, მისი ხელნაწერი, ჩემი ბავშვობის დღის განრიგის შესახებ (რომელსაც, რა თქმა უნდა, მე არ ვასრულებდი), არის საბჭოთა ” КГБ ” და ” მილიციის ” უძველესი მეთოდი. სამწუხაროდ ასეთ უნიჭო მეთოდებს დღესაც იყენებენ საქართველოში.

– მაგრამ ხელისუფლების ვერსიით, ეს სამალავები, სადაც ადამიანებს აწამებდნენ, სამეგრელოს ტყეებში არსებობდა. ამ სამალავებსაც თქვენთან აკავშირებდნენ. მოკლედ და გასაგებად რომ გვიპასუხოთ, არსებობდა თუ არა სამეგრელოში თქვენი მუშაობის დროს სამართალდამცველთა რაღაც ჯგუფი, რომელიც თუნდაც ტერორიზმში მხილებულებს, სანამ დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანდა, თავად უწყობდა დაკითხვას, ძალადობდა მათზე და ამას კამერით იღებდა?

– 2012 წლის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული საიდუმლო ობიექტების და თავდაცვითი ზღუდეების გაშიფვრა მოხდა, მათშორის სამეგრელოშიც. მე მჯერა, რომ დადგება დრო და ამ პროცესში მონაწილე ყველა მოღალატე სათანადოდ აგებს პასუხს, ხალხის და კანონის წინაშე.

სამეგრელოში სამალავები კი არა, არსებობდა საიდუმლო ობიექტები და თავდაცვითი ზღუდეები, რომლის საშუალებით შესაძლებელი იყო, რუსული აგრესის შეკავება და მასთან გამკლავება, ეს ობიექტები არანაირად არ წარმოადგენდა მეგის ქარდავას საკუთრებას, ის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით გამოიყენებოდა.

სამეგრელოში არსებობდა ძალზე ეფექტური სამართალდამცველების დანაყოფი, რომლებიც პირნათლად და ღირსეულად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, სწორედ მათი დამსახურება იყო ის, რომ, შეძლეს იდეალური წესრიგის დამყარება, არა მხოლოდ სამეგრელო -ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, არამედ ოკუპირებულ გალის და მისი სოფლების ტერიტორიაზეც, სწორედ მათი თავდადების შედეგად გამოვლენილი და აღკვეთილი იქნა არა ერთი ტერორისტული აქტი. სწორედ ამიტომ კვლავ რუსეთის სპეც.სამსახურების სამიზნე გავხდით…

– თქვენი აზრით, რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი 2012 წლის არჩევნებზე და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ციხეებში სისტემური დანაშაული ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს?

– ძირითადი ფაქტორი იყო რუსეთის სპეც.სამსახურები. 2008 წლის ომის შემდეგ ისინი საგძნობლად გააქტიურდნენ, იყენებდნენ ყველანაირ ხერხებს და მეთოდებს, მათ შორის ე.წ. ” კანონიერ ქურდებს ”, სასულიერო პირებს, ხელოვანებს, ე.წ. ” წითელ ინტელიგენციას”, ოლიგარქებს, ბიზნესმენებს, გააღვიძეს და მოქმედებაში მოიყვანეს ყველა მათი აგენტი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, დაიწყეს შავი პიარის აგორება ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვლის მიმართ.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ავრცელებდნენ ათასგვარ ჭორებს და დეზინორმაციას, ასევე მზადდებოდა სამხედრო გადატრიალება, რაშიც აქტიურად იყო ჩართული ყველა მოღალატე, მათ შორის: ირაკლი ოქრუაშვილი, ემზარ კვიციანი, სოზარ სუბარი, ნინო-ბადრი ბურჯანაძეები და სხვა.

სწორედ ბაჩო და დათა ახალაიების ეფექტური მოქმედებების შედეგად ეს გეგმაც ჩაეშალათ, მაგრამ შეძლეს ახალი გეგმების განხორციელება, რითაც შელახეს მაშინდელი პრეზიდენტის რეპუტაცია მსოფლიო ასპარეზზე, ეს იყო ე.წ. ციხის კადრები.

რაც შეეხება შეკითხვას, ხდებოდა თუ არა სისტემური დანაშაული ციხეებში, გიპასუხებთ, რომ არანაირი სისტემური დანაშაული არ ხდებოდა, ეს იყო რუსეთის სპეც.სამსახურების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, თუ როგორ მოახერხეს ამის განხორციელება, ეს გამოძიების საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კადრების ეთერში გასვლისთანავე, ყოველგარი ექსპერტიზის და ავთენტურობის დადგენის გარეშე, სასწრაფო წესით დაკავებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათობით თანამშრომელი, თანამდებობიდან გადადგა დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი და მაშინდელი შ.ს. მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც 2009 წლის შემდეგ არანაირი შეხება არ ჰქონია ციხეებთან. შედიოდა თუ არა ზემოთ აღნიშნული რუსეთის სპეც.სამსახურების ინტერესში? რა თქმა უნდა – კი…

– ანუ, როგორც ვხვდები, შეკითხვები წინა ხელისუფლებასთანაც გაქვთ?

– რატომ აღიარა მაშინდელმა ხელისუფლების ერთმა ჯგუფმა, მაშინათვე, ყოველგვარი სრულყოფილი გამოძიების ჩატარების გარეშე სისტემურ დანაშაულად? მოექცა თუ არა მაშინდელი პრეზიდენტი ამ ჯგუფის ზემოქმედების ქვეშ? ამ კითხვებზე პასუხი დღეს უკვე არსებოს, მაგრამ მოქმედებდა თუ არა აღნიშნული ჯგუფი რუსეთის სპეც.სამსახურების დავალებით, ამას დრო გვიჩვენებს…

-მიგაჩნიათ თუ არა, რომ წინა ხელისუფლების დროს, თუნდაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, ბევრს ჰქონდა და აქვს სურვილი, წინა ხელისუფლების ყველა „შავი საქმე“ თქვენ დაგბრალებოდათ?

– მე არასოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, არასოდეს დამიხუჭავს თვალი კანონის აღსრულებისას პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე, ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება, საქართველოს ინტერესები და კანონის უზენაესობა, მე არასოდეს მისარგებლია ჩემი ძალაუფლებით საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი მოღვაწეობის პერიოდში არაერთი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იქნა სხვა და სხვა სახის დანაშაულში მხილებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული…

მე ვარ ძალიან პრინციპული, კანონის უზენაესობის მომხრე ადამიანი, აქედან გამომდინარე, ვერ ვეგუებოდი და ვერ შევეგუები ვერანაირ პრივილეგიებს, ხოლო კანონდარღვევაზე ხომ საუბარი ზედმეტია. მე ყოველთვის მოვქმედებდი და მომავალშიც ვიმოქმედებ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინც არ უნდა ეცადოს და რასაც არ უნდა ეცადოს, სიმართლე ყოველთვის გაირკვევა…

– პოპულარული იყო ასევე ხმები, რომ თქვენ პირადად დაურეკეთ ერთ ადამიანს, რომელმაც სადღაც, სუფრასთან წარმოთქმული თქვენი სადღეგრძელოს დალევაზე უარი განაცხადა…

– ეს, ალბათ, მაშინ იქნებოდა, მე რომ თურმე ბაბუაჩემის სანახავად ვიყავი ჩასული, არა?..

– კარგი, რას აპირებთ? გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას? და თუ – კი, როდის?

– მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, როცა თბილისში ვმუშაობდი, ყოველკვირა ჩავდიოდი ჩემს მშობლიურ ზუგდიდში, არ მეგონა, თუ ამდენ ხანს გავძლებდი ზუგდიდის გარეშე, მე ხომ ამ ქალაქში გამოვიარე ყველაფერი: მახსოვს “მხედრიონის” თარეში მის ქუჩებში, მახსოვს მრავალი უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი მის ქუჩებში, მახსოვს მრავალი ახალგაზრდის უდროდ შეწყვეტილი სიცოცხლე მის ქუჩებში… მახსოვს და მტკივა, რომ დღეს ასეთი გაუსაძლისი პირობებია…

ამავდროულად, მეამაყება, რომ ცოტახნით მაინც შევძელი ამ ყველაფრის შეჩერება, ასევე მჯერა, რომ მალე კვლავ შევძლებ უფრო დიდი ხნით შეჩერებას და ჩემი მთავარი მიზნის მიღწევას – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მონაწილეობის მიღებას და აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებას…

წინა სტატიაCarnegie Europe: ,,მმართველი პარტია რეჟიმის შენარჩუნებას ყველაფერზე, მათ შორის, ქვეყნის ინტერესებზე, მაღლა აყენებს”
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: ,,ზოგიერთებმა, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით, ბანკებით სირბილი დაიწყეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური