ზურაბ ზვიადაურმა ძმის მკვლელი მოკლა – ყოფილი დეპუტატი დაკავებულია

0
844

16 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, სოფელ წინანდალთან მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიადი და მისი თანმხლები ორი პირი მანქანაში ჩაცხრილეს. სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანა ცხედრებითურთ კი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში უცნობებმა მიიყვანეს.

შსს ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ კონფლიქტში მონაწილეობდა ზურაბ ზვიადაურიც, რომელმაც ძმის მკვლელს ესროლა და მოკლა. ზურაბ ზვიადაური ბრალდებულის სახით დაკავებულია.

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მომხდარზე იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ.-ც არის დაკავებული

უყების ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – “სტეჩკინის” ტიპის პისტოლეტი და “საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განცახდების მიხედვით, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატია47 გარდაცვლილი, 6.208 ახალი შემთხვევა – განახლებული კოვიდსტატისტიკა
შემდეგი სტატიაამერიკელი სამხედროები არ უნდა იხოცებოდნენ ომში, სადაც თავად ავღანელები არ იბრძვიან – ბაიდენი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური