“რა გიკეთია გულზე ეს, სად იშოვე?..” – საიდან იღებს სათავეს ხსოვნის სიმბოლოდ ყაყაჩო

0
759

2013 წლის 10 აგვისტოს ბათუმის პორტში არლი-ბიორკის კლასის გამანადგურებელი USS Bulkeley (DDG-84) შემოვიდა. 11 აგვისტოს ამერიკულ ხომალდს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესტუმრნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხომალდი ორივემ დატოვა. პრესასთან არანაირი კომენტარი გაკეთებულა, თუმცა, როცა მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, კამერებმა მათ შორის გამართული მცირე დიალოგი დააფიქსირა, რაც პრემიერის ირონიულ შეკითხვას მოჰყვა:

– რა გიკეთია გულზე, რა არის ეს? რას ნიშნავს? სად იშოვე? – იკითხა ივანიშვილმა.
– გაშოვნინებ თუ გინდა, მოგიხერხებ რაღაცას. ეს არის ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების სამახსოვრო სიმბოლო, – უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც ბლოგერი გაგა გობრონიძე წერს, ხსოვნის სიმბოლოდ ყაყაჩოს შეიძლება ითქვას, საკმაოდ დიდი და ნაღვლიანი ისტორია აქვს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო. მაშინ ერთ – ერთ ყველაზე ფართო მასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში, სულ მცირე, 34 სახელმწიფო ჩაერთო. შედეგები დამთრგუნველი აღმოჩნდა – 10 მილიონი დაღუპული ჯარისკაცი, 12 მილიონი დაღუპული სამოქალაქო პირი, 55 მილიონი დაჭრილ-დასახიჩრებული.

კანადა დიდი ბრიტანეთის დომინიონად ითვლებოდა (მგონი სიმბოლურად ამჟამადაც ასეა) და ამის გამო 45 000 კანადელი იქნა გაწვეული ბრიტანულ არმიაში. სწორედ აქ შემოდის წერილის მთავარი გმირი – კანადელი ექიმი, პედაგოგი, პოეტი და მხატვარი, შოტლანდიელი ემიგრანტების შთამომავალი ჯონ მაკკრეი, რომელსაც საკმაოდ წარმატებული კარიერა ქონდა სამშობლოში: კერძო საექიმო პრაქტიკა, ვერმონტის და მონრეალის უნივერსიტეტებში საკმაოდ ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა, ბრიტანეთის სამეფო საექიმო კოლეგიის წევრი, რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. მაგრამ როდესაც მშვიდ და შორეულ კანადაში ბრძოლის ველიდან პირველი დაღუპულების ჩამოსვენება დაიწყო, მათ შორის მისი რამდენიმე მეგობრის, მაკკრეის ბევრი ნამდვილად არც უფიქრია და სამხედრო ქირურგის რანგში მოქმედ არმიაში ევროპაში გაემგზავრა.

ერთი წელი სამხედრო საველე ჰოსპიტლებში – უამრავი დასახიჩრებული სხეული, სული და ბედი. 1915 წელს მაკკრეი ბელგიურ ქალაქ იპრთან აღმოჩნდა. იპრი შემდგომში ისტორიაში სამუდამოდ შევა როგორც ადგილი სადაც გაიმართა ეპოქალური ე.წ. „იპრის სამი ბრძოლა“ და სადაც პირველად საბრძოლო მოქმედებების დროს გამოყენეს მომწამვლელი ნივთიერებები.

განსაკუთრებით სასტიკი გამოდგა „იპრის მეორე ბრძოლა“, რომელიც გადაბმულად 17 დღე და ღამე მიმდინარეობდა. შემზარავი სანახავი იყო მინდორი, რომელიც ყაყაჩოებით და დაღუპულთა ცხედრებით იყო მოფენილი. დღემდე აუხსნელია ყაყაჩოების ასეთი უცნაური სიმრავლე და უამრავი სხვადასხვა მეცნიერული თუ მისტიური ვერსია არსებობს. გამუდმებული დაბომბვის და მოწინააღმდეგეების სანგრებიდან გახსნილი ცეცხლის გამო არანაირად ხერხდებოდა დაღუპული მეომრების ცხედრების გაპატიოსნება და მიწას მიბარება.

17 დღე და ღამე, თითქმის ძილის გარეშე, საოპერაციო არ დაუტოვებია ვიცე პოლკოვნიკ ჯონ მაკკრეის. 1915 წლის 2 მაისს კი ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა მაკკრეის მეგობარი, სტუდენტი ოტავიდან, ლეიტენანტი ალეკსის ჰელმერი. მისი გადარჩენა არ მოხერხდა. მაკკრეიმ მოახერხა მეგობრისთვის საფლავი, იქვე, ჰოსპიტალთან გაეთხარა. პასტორის როლიც თავად შეითავსა, წაიკითხა ლოცვები და საფლავს ხელნაკეთი ჯვარი დაადგა. როცა გათენდა ბრძოლა დროებით შეწყდა. ამით ისარგებლა მაკკრეიმ და ჰელმერის საფლავს ეპიტაფიის მაგვარი 15 სტროფი მიაწერეს, სტროფები ლექსისა, რომელიც შემდგომში მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდება, სიმბოლური სიტყვებით იწყება –
“In Flanders Fields the poppies blow”….

ლექსი ჯერ ერთმა საფრონტო გაზეთმა დაბეჭდა, შემდეგ მეორემ და…

ამბობენ, რომ ყოველი მესამე წერილი, რომლებსაც ჯარისკაცები უგზავნიდნენ დედებს, ცოლებს, დებს ამ ლექსით იწყებოდაო. ასე ნელ ნელა გავრცელდა მაკკრეის „ფლანდრიული ყაყაჩო“ ჯერ ინგლისურენოვან ქვეყნებში, ხოლო შემდეგ დროთა განმავლობაში თავად ყაყაჩოს გამოსახულება გახდა სიმბოლო ომებში დაღუპული მეომრების ხსოვნისა.

წინა სტატია“არ შეეგუო ოკუპაციას” – აქცია ოკუპანტთა ბლოკ-პოსტთან
შემდეგი სტატიადასავლეთ საქართველოში აგრილდება, მოსალოდნელია წვიმა და შტორმი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური