„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“: „ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმები საქართველოში პრესის თავისუფლების სერიოზულ უკუსვლას ცხადყოფს”

0
226

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) პრესრელიზი გაავრცელა საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებთან დაკავშირებით.

„ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა 5 ივლისს ფიზიკური თავდასხმა განახორციელეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, რომლებიც თბილისში პრაიდის მარშს აშუქებდნენ, მაშინ, როცა პოლიცია საქმეში არ ჩარეულა. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს დანაშაულებრივ პასიურობას, რომელიც ხელისუფლებამ გამოიჩინა და გამოდის მოწოდებით, დაისაჯოს ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ უკანონო ქმედებებისთვის,“ ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

განცხადებაში ნახსენებია, რომ 53 ჟურნალისტს თავს დაესხნენ, როცა ისინი აშუქებდნენ LGBTQ+ აქტივისტების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას. ზოგიერთი ჟურნალისტი დაშავებულია, ზოგმა მიიღო ტვინის შერყევა, ზოგმა ქიმიური დამწვრობა, ზოგს აღენიშნება მოტეხილობა. მინიმუმ ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა და ისინი ჰოსპიტალიზებულ იქნენ. ბევრმა ჟურნალისტმა აღნიშნა პოლიციის მხრიდან რაიმე რეაქციის არქონა და თავდამსხმელთა დაუსჯელობა.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმების სამიზნე იყო ჟურნალისტური აღჭურვილობაც. რეპორტიორებს წაართვეს და დაუმსხვრიეს კამერები, მიკროფონები და სმარტფონები. ზოგმა ჟურნალისტმა ან მიატოვა დემონსტრაცია და თავს უშველა, ან დამალა საკუთარი ჟურნალისტური აკრედიტაცია, რათა თავს არ დასხმოდნენ.

„თბილისში ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმები საქართველოში პრესის თავისუფლების სერიოზულ უკუსვლას ცხადყოფს,“ განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟან კაველიემ. მისი თქმით, „ძალადობის ინტენსიურობა და კოორდინაცია უპრეცედენტო იყო. ჟურნალისტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, თავისუფლად გააშუქონ ნებისმიერი დემონსტრაცია და პოლიცია მოვალეა, დაიცვას ისინი მუშაობისას.

შეძრწუნებული ვართ რა ამ სახიფათო პრეცედენტით და საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოვლენილი პასიურობით, შევახსენებთ მათ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და მოვუწოდებთ, დასაჯონ ყველა, ვინც პასუხისმგებელია ჟურნალისტების მიმართ ძალადობის აქტებისთვის.“

პრესრელიზის ბოლოს აღნიშნულია, რომ 2021 წელს RSF-ის პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში საქართველოს 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილი უკავია.

წინა სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაკატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას- ჯეიმს აპატურაი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური