მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

0
253

მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მისი ადვოკატი, მარიამ პატარიძე აცხადებს, რომ სასამართლო სხდომა გადაიდო.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 6 ივლისს გამართული მშვიდობიანი აქციის ტერიტორიაზე დააკავა, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მისი სასამართლო პროცესი 23 ივლისამდე გადაიდო. საქმის არსებითი განხილვის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, საქმის მასალების გაცნობისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან. როგორც მისმა ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქმის მასალები მათ ამ დრომდე არ მიუღიათ. ადვოკატის განმარტებით, პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილი მშვიდობიანი აქციის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავა, როდესაც მას ჯებირს მიღმა მყოფი აგრესიული ადამიანები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ჯებირების გარღვევას ცდილობდნენ. მარიამ პატარიძის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს თავდაპირველად ეგონა, რომ პოლიცია მისი ამ ადამიანებისგან გარიდებას ცდილობდა.

„საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას მედავებიან. კი რაღაც დაახლოებით ასეთი რაღაც იყო. შევეკამათე მათ რახან გამლანძღეს. თავს ვიკავებდი, მაგინებდნენ და მერე მეც შევაგინე. შევაგინე, ეს იყო და ეს. მერე რომ გამჩხრიკეს, დანა ყოველთვის ჯიბეში მიდევს და ადმინისტრაციულზე დამაკავეს. დანა სულ ჯიბეში მაქვს, არც ვმალავ, სულ კარავში ვცხოვრობ და კარავში დანა ხომ მჭირდება. პური დავჭრა, კიტრი გავფცქცვნა, რა ვიცი“, – უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც ვერ ხსნის, რატომ ჰქონდათ აგრესია პოლიციის ჯებირს მიღმა მყოფ პირებს მის მიმართ.

„დღემდე არ ვიცი ჩემგან რა უნდოდათ, ან ჩემს კარავთან რა უნდოდათ, ან ჩემთან რა უნდოდათ? ყველაფერი დაარბიეს. მეორე დღესაც აქეთ გავიდოდი, აქედან მლანძღავდნენ, იქით გავიდოდი იქიდან მლანძღავდნენ და მაგინებდნენ“, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

 

წინა სტატია1043 ინფიცირებული და 20 გარდაცვლილი – ახალი სტატისტიკა
შემდეგი სტატია„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“: „ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმები საქართველოში პრესის თავისუფლების სერიოზულ უკუსვლას ცხადყოფს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური