ქარში – ქვიშა, დარში – კალაპოტშეცვილი ენგური – ვინ დაწყევლა ანაკლიელები? [Video]

0
1218

თუ ვინმეზე ითქმის, პირველ რიგში, ანაკლიელებზე ითქმის – წინ წყალი, უკან… ქვიშის ქარი – უკვე რამდენი წელია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერების შემდეგ, ანაკლიის მცხოვრებლები ქვიშის ქარის პრობლემის წინაშე დგანან:

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ანაკლიელებისთვის „ქვიშის გორების“ პრობლემის მოგვარებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალ ინვესტორებს დაავალდებულებენ, ოღონდ, აქ ერთი დეტალია: ინვესტორი ჯერ მოძებნილიც კი არ არის.

“ქვიშის გორების”, გნებავთ, “მტვრის ქარიშხლის” პრობლემა ანაკლიაში 2018 წლის შემდეგ დგას, როცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონცეფციაზე მომუშავე კონსორციუმმა ანაკლიის სანაპიროზე, 11 ჰა მოცულობის მიწაზე, ზღვიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა დაყარა.

ეს იმიტომ მოხდა, რომ კონსორციუმს შეესრულებინა ვალდებულება მტვრისგან გარემოს დაცვის შესახებ, გრუნტი გაემყარებინა და ტერიტორია შესაბამისად ემართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინვესტორსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაიძაბა, ინვესტორმა კი ტერიტორია სახელმწიფოს დაუბრუნა, დაყრილი ქვიშა უმეთვალყურეოდ დარჩა, მცირედი ქარის ამოვარდნისას კი (რაც ასე ხშირია ზღვისპირა პუნქტებში) ჰაერში ქვიშის უთვალავი კენჭი ფარფატებს.

თუ ქარი ძლიერდება, მტვრით იფარება არათუ საცხოვრებელი სახლების აივნების, იატაკების ზედაპირი, არამედ ეს მტვერი ხილვადობის პრობლემებსაც წარმოშობს და ფაქტობრივად, რამდენიმე მეტრში არაფერი ჩანს. ადგილობრივ მოსახლეობას, იმის გარდა, რომ ზაფხულში ხშირად ფანჯრებსაც ვერ აღებენ, ქვიშის ქარი დამატებით თავსატეხს ჯანმრთელობის კუთხითაც უქმნის.

“მტვერი ისეთი რაოდენობითაა ჰაერში, რომ თავს ვერაფრით აარიდებ. ექიმებთან ვიზიტის შემდეგ ანაკლიელებს ყველა ექიმი რენტგენის სურათით სცნობს. პირველი ვიზიტის შემდეგ ექიმმა დანანებით მითხრა, თქვენ ალბათ, ანაკლიელი ხართ, ფილტვებში ქვიშის კენჭები ჩანსო. ასე ეუბნებიან ყველა ანაკლიელს და ეს უკვე სასაცილო აღარაა”, – ამბობს ადგილობრივი ნ.გ. “ოდიშინიუსთან” საუბრისას.

ამჟამად კი ანაკლიელები ახალი რეალობის წინაშე დგანან – “ქვიშის გორები” ანაკლიაში იქამდე იქნება, სანამ მთავრობა ახალ ინვესტორს იპოვის, ეს კი “სავარაუდოდ, წლის ბოლოს” მოხდება, თუმცა, თუ “ოცნების” დაპირებათა შესრულების ტემპს გავითვალისწინებთ, გამოდის, “ქვიშის გორები” ანაკლიელებს კიდევ კარგა ხანს შეაწუხებს.

მაგრამ ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რომლის წინაშეც ანაკლიელები აღმოჩნდნენ: ამ დასახლებულ პუნქტში საზაფხულო სეზონის არანაირი ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის და მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ზაფხულის სეზონის სათანადოდ შესახვედრად თითი თითზე არ დაუკარებია. ერთადერთი ნათელი წერტილი აგვისტოში დაანონსებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იყო, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კოვიდპანდემიის კონტექსტში ფესტივალის ორგანიზატორებმა, ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ქვეშ “გაჯაზება” ერთი წლით გადადეს.

“წინ წყალი, უკან მეწყერი” – ეს წყევლა სწორედ ანაკლიელებს აუხდათ, რადგან მდფინარე ენგურმა, რომელიც სწორედ ანაკლიაში ერთვის შავ ზღვას, კალაპოტი შეიცვალა და არამარტო სასოფლო-სამეურნეო მიწები, მოსახლეობის საცხოვრებელი ფართი და ის ტერიტორიაც დატბორა, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებიან – მათ შემოვლითი გზით მოუწევთ ანაკლიის სანაპიროსთან მისვლა, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, მოინდომებენ თუ არა ისინი ისეთ დაბაში დასვენებას, სადაც ყველაფერი პრობლემასთანაა დაკავშირებული.

“ოდიშინიუსმა” ანაკლიაში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართა ზუგდიდის მერიას, მერიის პრესსამსახურმა კი ეს პასუხი გამოგვიგზავნა:

“ანაკლიაში სეზონი 1 ივლისს იხსნება და მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა”.

წინა სტატიასოფელ ინგირში მოსახლეობა 2 წელია უწყლობას უჩივის [Video]
შემდეგი სტატიაEdison Research: დღეს რომ მერის არჩევნები იყოს, 34% ოპოზიციის, 30% “ოცნების”, 13% გახარიას პარტიის კანდიდატს მისცემდა ხმას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური