ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა სუიციდი სცადა: მან ბენზინი გადაისხა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ნანა ბუნტურის მეუღლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნანა ბუნტურმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილი მორიგი დაპირება, რომ ზაზა გახელაძე 31 მაისამდე შინ დაბრუნდებოდა, ცრუ აღმოჩნდა.
“შევიდა, ხუთლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა. შემთხვევით რომ არ დაენახა ბიძაშვილის ცოლს, ნანა დღეს არ იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ აქციები გავმართოთ, ხელისუფლებასთან ურთიერთობის ყველა მცდელობა ამოწურულია”, – აცხადებს ზაზა გახელაძის მამა.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქცია 23 ივნისსაა დაანონსებული – ამ დღეს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე 34 წლისა ხდება.
აქვე გეტყვით, რომ ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, საოკუპაციო ზოლიდან მოშორებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხესთან ახლოს, რუსმა ოკუპანტებმა ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს, მოგვიანებით კი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა განცხადება გაავრცელა, სადაც გახელაძე ოკუპანტთა პატრულის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. ზაზა გახელაძეს 11 წლით თვაისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.