“და რა უძლურია ახლა სიტყვები”- ჟურნალისტი ლაშა ბერულავა გურამ დოჩანაშვილს ემშვიდობება

0
380

ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. თანამედროვე ქართველი კლასიკოსი 82 წლის იყო. მის მარადისობაში გადასვლას მთელი საქართველო გლოვობს. დღეს სოციალური ქსელი მხოლოდ მისი ფრაზებით და ტკივილით სავსეა. მასთან და მის შემოქმედებასთან განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება ჰქონდა ჟურნალისტ ლაშა ბერულავას, რომლის სახელსაც უკავშირდება კლასიკოსის პირველი სტუმრობა ზუგდიდში…დარბაზი ხალხს ვერ იტევდა…ეს იყო ყველაზე ლამაზი და გულთბილი შეხვედრა საყვარელ მკითხველთან…

დღეს კი…დღეს აღარ გვყავს..წავიდა და მისივე ნასწავლ სიყვარულით დატრიალებულ დედამიწაზე დაგვტოვა…

“ჩვენ ყველას გვყავდა ჩვენი გურამ დოჩანაშვილი – ოღონდ, ხანდახან, არც ვიცოდით ხოლმე…
ხანდახან დავსხდებოდით, გადავშლიდით წიგნს, რომელსაც სულ სხვა სახელი და გვარი ეწერა და ვკითხულობდით…
მწერალი-გადამწერი, რომლის ყოველი კარგი მოთხრობა, ყოველი კარგი ფრაზა, უკეთესს გვხდიდა, ვიდრე ვიყავით – ის ყველას მოგვიკვდა…
და რა უძლურია ახლა სიტყვები, რა უძლურია “ეჰ…” “აჰ…” “უჰ…”, როცა იცი, რომ ბღავილი გინდა, უთანხმოვნებო ბღავილი…
და როცა იცი, რომ ის, ვინც უკეთესი გაგხადა, აღარ არის…
დიადი “ვერასოდეს” – არადა, ის ავიდა, მართლა ავიდა და იქედან კი არ გადმოგვყურებდა ამაყად ჩვენ, დაბლით მდგომებს, მასთან შედარებით მართლა ბითურებს, არარაობებს – აჰ, არა, აარა – მოდით, ჩამჭიდეთ ეგ უნდო ხელიო, გვეხვეწებოდა და იქ ასვლაში გვეხმარებოდა, მასთან ერთად ყოფნაში გვშველოდა…
კი, სწორად მიხვდით, ვინც მიცნობთ – მე ახლა ვტირი და ალბათ, ბევრჯერ ავტირდები დღეს, როგორც ვტიროდი, როცა მაჰმუდ აალი მოკვდა – უმიზეზო სიკეთე…
როცა ანა მარია მოკლა უგომ კი არა, სწორედ იმან, ვინც უკვე აღარაა, როცა მანუელო კოსტა მოკლა, როცა ზე მორეირა მოკლა ღიმილით სახეზე – თავისუფალი…
და ვიცი, თვითონაც თავისუფალი მოკვდა, ასეთი გამახსენდება – ღიმილით, თავისი განუმეორებელი, უთავმდაბლესი, უადამიანურესი ღიმილით სახეზე, როცა მის პერსონაჟებზე ვუყვებოდი, წვრილმან, გათავისებულ დეტალებს ვახსენებდი რომანიდან თუ მოთხრობებიდან და სწორედ ამ ღიმილით, ოდნავ გაწელილი სიტყვებით, სასიამოვნოდ გაოცებული მეკითხებოდა – “უი, ესეც იცით, ლაშაა?”
მაგრამ ქვეყნად არარა არ იკარგება, ხომ ასეა, ბატონო გურამ…
დღეს მე შეურაცხადი ვარ და ვიქნები – ვიტირებ, ვიბღავლებ, არ ვიცი, რას ვიზამ, მაგრამ მეხსომება, რომ ეს იყო, ეს ნამდვილად იყო…
ჩვენ ყველას გვყავდა ჩვენი გურამ დოჩანაშვილი, ზოგმა არც ვიცოდით და, ისე…
და ყველას მოგვიკვდა…
და წამოდით, ყველანი, მარადახალ მდინარესთან შევიკრიბოთ და დავემშვიდობოთ – ბედნიერები იმით, რომ იყო, ნამდვილად იყო…
“ნუთუ ყოველივე…. ნუთუ ყოველივე ეს…”- წერს ლაშა ბერულავა და ასე ემშვიდობება უსაყვარლეს მწერალს…

წავიდა ლაშას დოჩანა..ჩვენი დოჩანა..

წინა სტატიაბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ
შემდეგი სტატიაოპოზიცია 15 მაისის შტაბს ქმნის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური