მთავარისიახლეებიმსოფლიოომსკში გარდაიცვალა მოწამვლის შემდეგ ნავალნის მიმღები კლინიკის კიდევ ერთი ექიმი

ომსკში გარდაიცვალა მოწამვლის შემდეგ ნავალნის მიმღები კლინიკის კიდევ ერთი ექიმი

Published on

63 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის ქალაქ ომსკის სასწრაფო დახმარების ნომერ პირველი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი რუსტამ აგიშევი. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური გამოცემა Тайга.инфо-ზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ინსულტია.

თებერვალში, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა ამავე საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სერგეი მაქსიმიშინი. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა გულის შეტევა.

2020 წლის აგვისტოში, ომსკის ამ საავადმყოფოში მიიყვანეს უგონოდ მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მისი თანამოაზრეები დღემდე ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ და პერსონალმა იცოდნენ ნავალნის მდგომარეობის რეალური მიზეზი, თუმცა, უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრძანებით, დიაგნოზი გააყალბეს და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის კვალის დაფარვა სცადეს.

რამდენიმე ხნის წინ, კერძო კლინიკაში გადასვლის მიზეზით, ომსკის ეს საავადმყოფო დატოვა მთავარი ექიმის მოადგილემ, ანატოლი კალინიჩენკომ. ომსკის საავადმყოფოში ნავალნის მიყვანის შემდეგ, კალინიჩენკო იყო პასუხისმგებელი პოლიტიკოსისთვის სამედიცინო დახმარების გაწევასა და გერმანელ ექიმებსა და პრესასთან ურთიერთობაზე. მოგვიანებით ჟურნალისტებთან კონტაქტი თავის თავზე აიღო საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ წევრმა ალექსანდრ მურახოვსკიმ. სწორედ მან განუცხადა მედიას, რომ ნავალნის მძიმე მდგომარეობა გამოწვეული იყო ნივთიერებათა ცვლის დარღვევით. გარდა ამისა, მურახოვსკი ორი დღე-ღამის განმავლობაში არ იძლეოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბერლინის კლინიკაში გადაყვანის ნებართვას. 2020 წლის ნოემბერში ალექსანდრ მურახოვსკი დანიშნეს ომსკის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრად.

2020 წლის 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა. თვითმფრინავი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გადაიყვანეს ქალაქის პირველ საავადმყოფოში. ნავალნის ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება. ბერლინის კლინიკაში ალექსეი ნავალნი კომიდან გამოიყვანეს 7 სექტემბერს.

ევროპის რამდენიმე დამოუკიდებელი ლაბორატორიის და ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო ნივთიერებით „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან. 2018 წელს, დიდ ბრიტანეთში „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...