ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მყოფმა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის პარალელურად, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებიც მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ და პერიმეტრის ფოტოფიქსაციას ახორციელებენ.
აფეთქება ქვემო ფონიჭალის ე.წ. უსინათლოთა დასახლებაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, რის შედეგადაც სადარბაზო ჩამოინგრა.
ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი მოზარდია. ოთხივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნანგრევებში კიდევ შვიდ ადამიანს ეძებენ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, აფეთქება კორპუსში დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. სამძებრო-სამაშველო და საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.