და ჰა, ინგა გრიგოლიასაც მიადგნენ: ,,არსებობს მჭიდრო, სისტემური კავშირი ინგა გრიგოლიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის”

0
541
  • ინგა გრიგოლიას „ხელშეუხებლობის მითი“ – ამ სათაურით აქვეყნებს მედიაკრიტიკა პასკვილს ცნობილ ქართველ ჟურნალისტზე, რომელიც გამოირჩევა კრიტიკული მიდგომებით ნებისმიერი პოლიტილიკური და მით უფრო პროსახელისუფლებო პარტიის მიმართ.

,,ქართულ საჯარო სივრცეში მყარად არის დამკვიდრებული „ჟურნალისტის ხელშეუხებლობის“ მითი, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტის გაკრიტიკება, რაოდენ მავნებლურ საქმიანობასაც უნდა ეწეოდეს იგი, „თავისუფალ მედიაზე“ თავდასხმად ფასდება.

საქართველოში ამ მითის ერთ-ერთი მთავარი გამხმოვანებელი ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაა − ტვ „პირველის“ მთავარი სახე და ახლო წარსულში ამავე არხის დირექტორი, რომელიც განსაზღვრავდა (და, გარკვეულწილად, დღესაც განსაზღვრავს) ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას. ოპოზიციური მედიის მისამართით გამოთქმულ ნებისმიერ კრიტიკულ შენიშვნას იგი უყოყმანოდ ნათლავს დიქტატურის გამოვლინებად.” წერს ,,მედია კრიტიკა”

საერთოდ, სტაჟისა და თანამდებობის გამო გრიგოლიას გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულ „თავისუფალ მედიაში“, რაც სინამდვილეში, როგორც წესი, ოპოზიციურ ან უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ მედიას გულისხმობს და „თავისუფალი მედიაც“ ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ კრიტიკის თავიდან ასაცილებლად შექმნილი სიტყვათა კომბინაციაა.

ამიტომ შეუძლებელია გავაკრიტიკოთ „ჟურნალისტის ხელშეუხებლობისა“ და „თავისუფალი“ (სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესთა გამომხატველი) მედიის მითები ინგა გრიგოლიას გაუკრიტიკებლად და პირიქით; თუმცა, საიდანაც უნდა დავიწყოთ, საბოლოოდ მაინც აღმოვაჩენთ, რომ არსებობს მჭიდრო, სისტემური კავშირი ინგა გრიგოლიას, როგორც ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, (ერთი მხრივ), და „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასზე დამოკიდებულ „დამოუკიდებელ“ მედიას შორის (მეორე მხრივ).

დავიწყოთ იმით, რომ გრიგოლია არ გამოირჩევა არც განსაკუთრებული განათლებით, არც რაიმე განსაკუთრებული ჟურნალისტური უნარ-ჩვევებით, პასუხისმგებლობით ან კომპეტენციით (რაშიც ოდნავ მოგვიანებით პრაქტიკულ მაგალითზეც დავრწმუნდებით). მას უდავოდ აქვს ერთგვარი „სკანდალური აურა“ (სპეციფიკური აქცენტები, საუბრის მანერა, ხმის ტემბრი და ა.შ.), რაც სკანდალზე ორიენტირებულ ქართულ ტელემედიაში ყოველთვის მომგებიანი იყო.

თუმცა, ცხადია, საქართველოში ის ერთადერთი ჟურნალისტი არ არის, ვისაც „ხმამაღლა ლაპარაკი“ შეუძლია. შესაბამისად, უნდა არსებობდეს კიდევ რაღაც, რაც ამ ჟურნალისტის წარმატებას განაპირობებს და ეს „რაღაც“, შესაძლოა, იყოს შენიღბული (ან ზოგჯერ სულაც შეუნიღბავი) მზადყოფნა „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში ჩადგომისა.

გავიხსენოთ: 2007 წელს გრიგოლიამ დატოვა „იმედი“, რადგან მაშინდელი ხელისუფლება უარს აცხადებდა ამ ტელეკომპანიაში მისვლაზე და ჟურნალისტი მოკლებული იყო დებატების წაყვანის შესაძლებლობას. მალე გრიგოლიამ მამუკა ხაზარაძის დაფინანსებულ პლატფორმა TBC-TV-ზე დაიწყო კეთება გადაცემა „პრაიმტაიმისა“, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაიცემოდა.

მივიღე გარანტია, რომ ჩემს გადაცემებში დებატების ფორმატში ორივე მხარე იქნება წარმოდგენილი და ის არ იქნება მიკერძოებული არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მიმართ“, – განაცხადა ახალი პროექტის დაწყებამდე გრიგოლიამ. თუ გავიხსენებთ, რამდენად ანებივრებდა იმ წლებში „ნაციონალური მოძრაობა“ სტუმრობით ოპოზიციურ მედიას და რამდენად აძლევდა ოპოზიციურ ჟურნალისტებს სტუმრობის გარანტიას, შევძლებთ, გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ და „გამოვიანგარიშოთ“ ინგა გრიგოლიას იმდროინდელი „კრიტიკულობის ხარისხიც“.

გრიგოლიას პროექტით მაშინ შეიქმნა ფსევდოოპოზიციური მედიის არშია, რომელიც ლეღვის ფოთოლივით გადაეფარა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სრულად მითვისებულ და მისივე კონტროლქვეშ მყოფ მედიაგარემოს. გრიგოლიას დატოვება მოქმედ ჟურნალისტად და მისთვის პოლიტიკური ტოკშოუს წაყვანის უფლების მინიჭება „ნაციონალური მოძრაობის“ კარგად გათვლილი ილეთი იყო იმ ილუზიის შესაქმნელად, თითქოს საქართველოში არსებობდა თავისუფალი მედია, გაისმოდა კრიტიკული კითხვები და, შესაბამისად, დემოკრატიაც ფუნქციონირებდა.

ნიშანდობლივია, რომ ფსევდოოპოზიციურობა და მშფოთვარე ხმით შენიღბული მორჩილება „ნაციონალური მოძრაობისადმი“ გრიგოლიამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა 2010 წელს, როცა ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში გაწევრიანდა და პოლიტიკოსის როლში მოგვევლინა.

ამ დროს სააკაშვილმა ავანსცენაზე „გამოისროლა“ ფსევდოოპოზიცია, რომელსაც რეალური ოპოზიციისთვის ხმების ართმევის ფუნქცია დაეკისრა. ფსევდოოპოზიციას კი სათავეში ედგნენ ინგა გრიგოლია და ამჟამად დავით კეზერაშვილის არხის, „ფორმულის“ მთავარი სახე და ფაქტობრივი მმართველი გიორგი თარგამაძე.

ამის შემდეგ გრიგოლია საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ფიგურა, რომელიც კრიტიკულ მომენტში მუდამ მზადაა, სამსახური გაუწიოს „ნაციონალურ მოძრაობას“. ბოლო წლებში ეს სამსახური იმით გამოიხატება, რომ ის ემსახურება ან უშუალოდ მართავს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესთა გამტარებელ ტელევიზიას, ხოლო ნებისმიერ კრიტიკას მედიაზე თავდასხმად და დიქტატორულ გამოვლინებად ნათლავს.

გრიგოლიას აზრით, თავისუფალ მედიაზე თავდასხმა განახორციელა, მაგალითად, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ: ამ უკანასკნელის კრიტიკის ობიექტად იქცა ტვ „პირველის“ ჟურნალისტი, რომელმაც ცრუ ზარი განახორციელა 112-ში და ყოველგვარი საჭიროების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ „ექსპერიმენტისთვის“გამოიძახა პოლიცია

ინგა გრიგოლიას, როგორც ჟურნალისტის, „განსაკუთრებული პროფესიონალიზმის“ საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავიხსენოთ ერთ-ერთი ეპიზოდი ახლო წარსულიდან, როდესაც მისი გადაცემის სტუმარი იყო იმხანად ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი.

ეთერში ჟურნალისტმა რესპონდენტს დამაჯერებელი და ავტორიტეტიანი კილოთი განუცხადა, ძალიან სანდო წყაროსგან ვიცი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ მხრიდან თქვენ იქნებით; იმდენად ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომც უარყოთ, მაინც ასე იქნება და რას იტყვითო, რაზეც ჩუგოშვილმა უპასუხა, ეს სრულიად გამორიცხულია, რადგან, სხვა თუ არაფერი, ასაკი არ მაძლევს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლებასო…

ჟურნალისტი, რომელიც მაყურებლის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, „თვალდახუჭული“ არ იჯერებს და არ ავრცელებს ნებისმიერ ჭორს და, შესაბამისად, არც ასეთი ლაფსუსები მოსდის.

წინა სტატიაეკატერინე ტიკარაძემ ზუგდიდში დევნილ ოჯახებს ბინები გადასცა [Video]
შემდეგი სტატიაანტი-კოვიდი ( II სეზონი), გადაცემა 51 (14.12.2020) [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური