IRI-ს კვლევის შედეგები

0
337

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 36% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 15% ნაციონალურ მოძრაობას, 4% აქვთ ევროპულ საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებელსა და პარტიოტთა ალიანსს.

3% აქვს ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 2% სამოქალაქო მოძრაობას, ლელოსა და გირჩს. 1% ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას მისცემდა ხმას, ხოლო სხვა პარტიებს 1%-ზე ნაკლები აქვთ.

23%-ს ამ დრომდე არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემს ხმას.

დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვთ პარტიებს 2020 წლის ივნისის გამოკითხვაშიც.

საქართველოში დემოკრატიის ხარისხით მოსახლების 44% უკმაყოფილოა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული ახალი, ეროვნული მასშტაბის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ხარისხით მოსახლების 44% უკმაყოფილოა. აქედან 25% გარკვეულწილად უკმაყოფილო, ხოლო 19% ძალიან უკმაყოფილო. კმაყოფილი მხოლოდ 11%-ია, ხოლო გარკვეულწილად კმაყოფილი 40%. 5% კითხვაზე პასუხს არ სცემს.

აღსანიშნავია, რომ მცირედით შემცირებულია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია, ხოლო გაზრდილია ძალიან უკმაყოფილოთა რაოდენობა.

მოსახლეობას “ოცნების” მთავარ წარუმატებლობად უმუშევრობა, ეკონომიკა, ცრუ დაპირებები მიაჩნია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 10% ქართული ოცნების მთავარ წარუმატებლობად უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლას ასახელებს. 9%-ს არსებული ეკონომიკური სიტუაცია მიაჩნია, ამდენივე პროცენტი მოქმედი ხელისუფლების მთავარ პრობლემად ცრუ დაპირებებს ასახელებს. 6%-ს გაზრდილი კრიმინალი აწუხებს, 3%-ს — კოჰაბიტაცია. მოსახლეობის 12%-მამთავარ პრობლემად სუფთა წყლის არ არსებობა დაასახელა, 7%-მა ეკონომიკა, 5-მა გზა და ეკოლოგიური პრობლემები.

მოსახლეობის 22% მოქმედი მთავრობის ქართული ოცნების მთავარ მიღწევად კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას ასახელებს. ამავე კვლევის მიხედვით, 12%-ს მმართველი პარტიის მთავარ წარმატებად ჯანდაცვის რეფორმა მიაჩნია, ინფრასტრუქტურასა და სტაბილურობას 4% ასახელებს, სიტყვის თავისუფლებას — 3%.

მოსახლეობის 64% ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 64% ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

კითხვაზე, როგორ შეიცვალა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის დროს, გამოკითხულთა 25% პასუხობს, რომ “ძალიან გაუარესდა”, ხოლო 39% ამბობს, რომ “მეტ-ნაკლებად გაუარესდა”.

მოსახლეობის 90% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 90% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. კითხვას, რამდენად სავარაუდოა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ, დადებითად სწორედ 90% პასუხობს. მათ შორის 74% ამბობს, რომ “ძალიან სავარაუდოა”, ხოლო 16% — “გარკვეულწილად სავარაუდოა”.

აღსანიშნავია ისიც, რომ პასუხები თითქმის იდენტურია, მიუხედავად გამოკითხულთა ასაკისა და დასახლების ტიპისა.

მოსახლეობის უმეტესობა საარჩევნო ცვლილებებს დადებითად აფასებს 

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტში პროპორციული წესით მოხვედრილი დეპუტატების რაოდენობას გაზრდის, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე დადებითად აისახება.

2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეს მონაცემი შემდეგნაირად გამოიყურება: 15% საკანონმდებლო ცვლილებებს ძალიან დადებითად აფასებს, 39% —მეტ-ნაკლებად დადებითად, 11% — მეტ-ნაკლებად უარყოფითად, 3% — ძალიან უარყოფითად, 32% კი ან უარს აცხადებდა პასუხზე, ან არ იცოდა.

20 აგვისტოს დასმულ იმავე კითხვაზე მოსახლეობის 17%-ს მიაჩნდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან დადებითია, 38% მას მეტ-ნკალებად დადებითად აფასებდა, 12% — მეტ-ნაკლებად უარყოფითად, 6% — ძალიან უარყოფითად, 27% კი პასუხს არ სცემდა კითხვას.

ხმის მიცემისთვის 33% მნიშვნელობას პარტიაში მყოფ კანდიდატებს ანიჭებს, 14% — პროგრამას

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ხმის მიცემისთვის გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი პოლიტიკურ პარტიაში მყოფი პირი ან კანდიდატები არიან. ასეთი მოსახლეობის 33 პროცენტი აღმოჩნდა.

კვლევის მიხედვით, 23 პროცენტისთვის მნიშვნელოვანია წარსულში პარტიის მიერ გაკეთებული საქმეები, 15 პროცენტისთვის მთავარია კანდიდატის პოლიტიკურ პარტიასთან აფილაცია. 14 პროცენტი უპირატესობას დაპირებებსა და პროგრამას ანიჭებს, ხოლო 7 პროცენტი წინასაარჩევნო კამპანიასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს უსვამს ხაზს.

59% პრემიერმინისტრად პარტიასთან ასოცირებულ პირს ისურვებდა, 16% — პარტიასთან არააფილირებულს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59% მომდევნო პრემიერმინისტრის პოსტზე პარტიასთან ასოცირებულ პირს ისურვებდა, 16% კი — პარტიასთან არააფილირებულ პოლიტიკოსს.

რაც შეხება კითხვას, თუ ვინ უნდა აირჩიოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, 44% პასუხობს, რომ ის პარლამენტის უმრავლესობამ, 36%-ს კი მიაჩნია, რომ მომდევნო მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტის მრავალპარტიულმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა “აიფიემის” მიერ. მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით

წინა სტატიასამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა[Video]
შემდეგი სტატიარატომ გააღიზიანა მმართველი პარტია IRI-ის კვლევის შედეგებმა – 33 პროცენტი ეცოტავება თუ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სიმრავლემ დააფრთხო?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური