“შიშის გზა” [Video]

0
929

   საზღვრისპირა  სოფელ რუხში მდინარე ენგურზე მდებარე ენგურის ხიდი, რომელიც ერთადერთი დამაკავშირებელია ოკუპირებულ აფხაზეთთან რამდენიმე თვეა ჩაკეტილია.  

  ხიდის ჩაკეტვამდე  ამ ადგილს  გალსა და მის მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელები  სამედიცინო, საგანმანათლებლო, სავაჭრო და ნათესავების მონახულების მიზნით კვეთდნენ. სხვადასხვა არაოფიციალური მონაცემით დე-ფაქტო საზღვარს თვეში 30 ათასამდე ადამიანი კვეთს.

    ე.წ სასაზღვრო ზოლი 77კილომეტრიანია, რომელიც საზღვრისპირა სოფელ ფახულანში იწყება და სოფელ განმუხურში მთავრდება, აქედან 65 კმ მდინარე ენგურის გასწვრივაა და სახმელეთო საზღვარი შვიდი კილომეტრის მანძილზეა სოფელ განმუხურში. 

    ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით 27 თებერვალს შეიზღუდა. სოხუმმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

    ხიდის ჩაკეტვის დროს ენგურს გაღმა მცხოვრები ქართველები  სწორედ ამ მონაკვეთის გავლას   სხვადასხვა მეთოდებითა და ხერხებით  ცდილობენ, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

   ჩაკეტილმა სივრცემ უამრავი პრობლემის წინაშე დააყენა ოკუპირებულ აფხაზეთში თვითნებურად დაბრუნებული ქართველი მოსახლეობა.   1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ. მომდევნო წლებში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე დაიწყო დევნილთა ნებაყოფილობითი დაბრუნება და სხვადასხვა წყაროების მიხედვით დღეს აფხაზეთში 50-60 ათასი ქართველი ცხოვრობს ძირითადად გალში და მიმდებარე სოფლებში. ეს კი აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 20% შეადგენს,  მოსახლეობის აღწერის 2019 წლის მონაცემების თანახმად ოკუპირებულ აფხაზეთში სულ 245 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

   რამდენიმე დღის წინ  ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 65 წლის ოთარ ჯობავა საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა გამორიყა. მისი ცხედარი ადგილობრივებმა შემთხვევით ნახეს. ოჯახის ნათესავის ნ.ჯ  თქმით, ის პენსიის ასაღებად ზუგდიდში გადმოსვლას აპირებდა და  ერთადერთ გზად აქ მოსახვედრად მდინარე  ენგურის „ჩუმად“ გადაცურვა მიიჩნია.     

  ჩვენი სანდო წყაროს თქმით, რომელიც გალში ცხოვრობს ამბობს, რომ  ასეთი ხანგრძლივი დროით ხიდი არასდროს  ჩაკეტილა და ასე კიდევ თუ გაგრძელდება ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული კრიზისი გადაუვალი იქნება.

    მისივე თქმით, აფხაზური მხარე ქართველ მოსახლეობას ეუბნება, რომ მათ უნდათ გამშვები ხიდის გახსნა, მაგრამ  ქართველები არ ხსნიანო და პირიქით ქართველები ხიდის ჩაკეტვას ასეთი ხანგრძლივი დროით აფხაზურ ე.წ ადმინისტრაციას აბრალებენო.

  აფხაზეთის მთავრობაში გალის მოსახლეობის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხეს და როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა დავით ფაცაციამ განმარტა, ეს პროცესები რაც ახლა მიმდინარეობს გალის მოსახლეობისთვის არის უსამართლო. ჩვენს შეკითხვაზე თუ რა გააკეთეს ამ ხნის მანძილზე მათ დასახმარებლად აღნიშნა, რომ როცა ხიდი ორი დღით იყო გახსნილი 1000-მდე ადამიანი გადმოვიდა და მათ უფასო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლეს.

წინა სტატიადღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა
შემდეგი სტატია„გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე”- გადაცემის სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური