მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა

0
755

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში  წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები, მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. ამასთან, ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და მოსახლეობის მასობრივი ტესტირება; იზღუდება მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლა, რასაც საპატრულო პოლიცია და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები გააკონტროლებენ.

ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა. 

“სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად 30 აღებული სინჯიდან დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა. ინფიცირებულთა კონტაქტების ფართო წრის გათვალისწინებით, მათ შორის დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

დაბა მესტიასა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენტეხში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები.

გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელების ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივების დახმარებას.მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართონ ცხელების ცენტრებს,”- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს გამოვლენილი 25 ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი უკავშირდება სვანეთის რეგიონს, სადაც კორონავირუსი 17 პაციენტს დაუდასტურდა.

წინა სტატიაგვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე – გიორგი გახარია
შემდეგი სტატიამესტიის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია – შსს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური