აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა

0
817

12 წელი სრულდება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან.

2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 12 წელია დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.

ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა 2008 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ერთკვირიანი ესკალაციის შემდეგ, 7 აგვისტოს საღამოს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოსური მხარის პოზიციებზე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. თუმცა, იმავე ღამით, ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა, მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ ოსური მხრიდან სროლის განახლების გამო მიღებულია ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის გადაწყვეტილება.

აგვისტოს პირველივე დღეებიდან როკის გვირაბთან მობილიზებულნი იყვნენ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები. 8 აგვისტოდან დაიწყო ინტენსიური ბრძოლები საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რუსული რეგულარული არმიის ქვედანაყოფებს შორის.

მომდევნო დღეებში რუსეთის ავიაციამ დაბომბა ვაზიანის და სენაკის სამხედრო ბაზები, მარნეულის სამხედრო აეროდრომი, ქალაქი გორი, ფოთის პორტი და კოდორის ხეობა.

12 აგვისტოს, შუამავალი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ჩადენილ შესაძლო, სამხედრო დანაშაულს იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას ოფისი.

წინა სტატიადავით ბაქრაძე – ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა, ერთად დადგომა და ერთად შეწინააღმდეგება ამ უბედურების მიმართ
შემდეგი სტატიასაქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გრძელდება – ლინკევიჩუსი აგვისტოს ომს ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური