TI: ზუგდიდში ყინულის ჯერაც დაუსრულებელი მოედნის მოწყობაზე 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა

0
460

ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენელობის პროცესი, რომელიც 2007 წელს დაიწყო, დღემდე არ დასრულებულა, გახარჯულმა თანხამ კი ჯამში 7,996,496 ლარი შეადგინა, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის ყინულის მოედნის მშენებლობის პროცესი შეისწავლონ შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა და დაადგინონ, ფიქსირდება თუ არა რაიმე სახის დანაშაული. “ასევე აუცილებელია, ამჯერად მაინც ხარისხიანად აშენდეს ყინულის მოედანი და გამოირიცხოს ფინანსური რესურსების არაეფექტური ხარჯვა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მოედნის სათანადო მოვლა-პატრონობა”, – ვკითხულობთ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, პირველად ყინულის მცირე ზომის მოედანი ზუგდიდში 2007 წელს აშენდა, რაზეც 1.4 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა იგი 2011 წელს დაშალეს და საჩუქრად ქუთაისის მუნიციპალიტეტს გადასცეს. ახალი, ამჯერად ოლიმპიური სტანდარტების ყინულის მოედნის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, მის მშენებლობა/რეკონსტრუქციაზე, მოვლა-პატრონობასა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 2011 წლიდან დღემდე 6,381,796 ლარი დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოედნის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა, იგი სხვადასხვა ხარვეზებისა და დაზიანებების გამო 2019 წლის თებერვლამდე ვერ გაიხსნა, ამ პერიოდში კი მოედანს რეკონსტრუქცია ორჯერ – 2016 და 2018 წლებში ჩაუტარდა. 2020 წლის ივლისში დაიწყო ყინულის მოედნის დემონტაჟის პროცესი, რაზეც 214,700 ლარი იხარჯება. მოედნის დემონტაჟი კი მას მერე გახდა საჭირო, როცა ტერიტორია, სადაც იგი იყო განთავსებული, აუქციონზე გაიყიდა. ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორია 2019 წლის ივნისში გაიყიდა. ფართობი 7 მილიონ 270 ათას 118 ლარად მ2-მა შეიძინა. ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, განხორციელდება 8 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია. კერძოდ, აშენდება 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო.

წინა სტატიაეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ბათუმში ახალგაზრდებს სკაიპით ჩაერთო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური