„ეს არის გზავნილი იმის შესახებ, რომ იმ კონგრესმენებისთვის, რომლებიც საქართველოს აკვირდებიან, არსებობს შეშფოთება სხვადასხვა საკითხზე: რუსეთის გავლენა და საქართველო, მოქმედი მთავრობის ურთიერთობა მოსკოვთან და ბატონი ივანიშვილის გავლენა“ – ასე ეხმაურება დევიდ კრამერი აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 2021 წელს მისაღები დახმარების 15% -ი შესაძლოა, გაეყინოს. ინტერვიუს, კრამერთან “ამერიკის ხმა” ავრცელებს. დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწეა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით.
ის ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება 15 %-იან დათქმასთან დაკავშირებით, სიგნალია ყველასთვის, რომ “პირველი – ამერიკა საქართველოს აქცევს ყურადღებას, მეორე – ამერიკას სურს საქართველოს წარმატება და რუსეთის გავლენის დამთავრება, და მესამე- ისინი, ვინც ამომრჩევლებისადმი ანგარიშვალდებულნი არიან, უნდა იყვნენ მთავარი გადაწყვეტილების მიმღებნი ქვეყანაში“ – ამბობს კრამერი.
“ლოგიკურია, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები გამოკვეთილად იმ ქვეყნებზე გაიცეს, რომლებიც სწორი მიმართულებით ვითარდებიან“ – ამბობს თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი. ამერიკელი დიპლომატი “ოლიგარქიულ გავლენებზე” და პოლიტიზირებულ სასამართლოზეც საუბრობს:
”ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი შემაშფოთებელი ტენდენცია და კონგრესის წევრებმა ეს ნახეს, როგორც – ყველა სხვამ. არ ვიტყოდი, რომ ეს ოპოზიციური პარტიების თუ ბიზნეს ინტერესების გამტარებელი ლობისტების საქმიანობასთანაა დაკავშირებული.
ვფიქრობ, ჩვენ ვხედავთ კულისებიდან ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე. ვხედავთ ზოგიერთი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებიც სავარაუდოდ გარედანაა ნაკარნახევი და პოლიტიზებულად გამოიყურება. ასევე ვხედავთ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრ რეაგირებას სამოქალაქო პროტესტზე“ – ამბობს კარპენტერი.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის გამოყოფილი 132 $ მილიონიანი დახმარებიდან, 15% არ გაიცემა იქამდე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ პირობებს არ შეასრულებს.
იმისათვის, რომ პირდაპირი დახმარება არ შემცირდეს, სახელმწიფო მდივანი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ასრულებს შემდეგ პირობებს:
ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას;
იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც;
ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით;
იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას;
ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე” – ნათქვამია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, რომ საბიუჯეტო კომიტეტმა ამ ინიცირებას კენჭიჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში უყარა, 25 ივლისს კი წარმომადგენლობითმა პალატამ კანონპროექტის სახით დაამტკიცა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში, მაიკ პომეოსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარიც შედგა. სახლემწიფო მდივანმა ამის შესახებ Twitter-ზეც დაპოსტა და თქვა, რომ ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ესაუბრა გიორგი გახარიას.