,,არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში ჩემს თავს და ადგილს ვერ ვხედავ” – დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა

0
391

დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა. ამის შესახებ ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეს გადაწყვეტილება “ხანგრძლივი ფიქრის, განსჯისა და შინაგანი ბრძოლის შემდეგ” მიიღო. მისივე თქმით, საკითხზე პარტიის ხელმძღვანელობა უკვე ინფორმირებულია.

“ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დაწვრილებით ლაპარაკს და ახსნა-განმარტებებს არ ვაპირებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში ვერსად ვერ ვხედავ ჩემს თავს და ჩემს ადგილს.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი მე 2007 წელს გავხდი და შეიძლება ითქვას, რომ, როგორც პოლიტიკოსი, სწორედ ამ პარტიაში შევდექი. ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ პარტიასთან, მის ახლანდელ თუ ძველ წევრებთან და მადლობის გარდა მათ მიმართ არაფერი მეთქმის, მაგრამ, როგორც იტყვიან, არაფერია მარადიული მზისა ქვეშე.

შეგნებულად არ ვხმარობ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა “პოლიტიკიდან წასვლა”, რადგან მართალია აღარ ვარ დღეიდან პრაქტიკოსი პოლიტიკოსი, არ ვაპირებ არცერთ სხვა პარტიაში გადასვლას და არც კენჭისყრას ამ არჩევნებში, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ყოფა ისეთია, რომ პოლიტიკიდან ვერსად წახვალ და ვერ გაიქცევი. უბრალოდ ამიერიდან მე წარმოვადგენ მხოლოდ ჩემს თავს და არავის სხვას.

ვერ ვიტყვი, რომ პარტიაში რამე შეზღუდვა მქონდა სიტყვის თავისუფლების მხრივ, მაგრამ რა თავისუფალი ატმოსფეროც უნდა იყოს, პარტიის წევრობა მაინც გარკვეულ გუნდურ ვალდებულებებს გაკისრებს”, — წერს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, იგი კვლავ რჩება ოპოზიციონერად, ხელისუფლების ოპონენტად და გეგმავს, მიმდინარე პროცესებზე ინდივიდუალურ რეჟიმში გამთქვას და დაწეროს სუბიექტური მოსაზრებები, როგორც დამკვირვებელმა და ანალიტიკოსმა.

წინა სტატიაცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია
შემდეგი სტატიამომდევნო დღეებში ქვეყანაში ყველა ბაზარი შემოწმდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური