გალის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდის და დახმარების მიღებას ვეღარ ახერხებს – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

0
1197

გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებდა დევნილთა შემწეობას, პანდემიის პირობებში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დახმარების მიღებას ვეღარ ახერხებს. ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” აქვეყნებს.

გალის მაცხოვრებლები პანდემიის პერიოდში ქართული საბანკო სისტემით სარგებლობას ვეღარ ახერხებენ.

ბარათების დიდი პერიოდით გამოუყენებლობამ გამოიწვია პლასტიკური ბარათების დაბლოკვა, რის გამოც გალში მყოფ მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად მდინარე ენგური გადმოცურვაც კი უწევს.

“არსებული პრაქტიკის მიხედვით, დევნილთა შემწეობის დარიცხვა ხდება ლიბერთი ბანკის სოციალურ ბარათზე, რომელიც 6 წლის ვადით გაიცემა თუმცა პინ კოდის ვადად განსაზღვრულია 1 წელი. COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური ტიპის ძირითად ბარათებზე პინ კოდის მოქმედების ვადა 2020 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. 1 ივლისის შემდეგ, პლასტიკურ ბარათზე პინ კოდის განახლების მიზნით, მოქალაქეებს ბანკში გამოცხადება მოუწევთ.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ოკუპირებულ გალში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღემდე გამოსავალს წარმოადგენდა პლასტიკური ბარათის იმ პირებისთვის გადაცემა, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და მათ სახელზე გაცემული შემწეობის ბანკომატის მეშვეობით მიღებას ახერხებდნენ. პანდემიის პერიოდში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილების კუთხით დაწესებული შეზღუდვების გამო, გალის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დახმარების მიღება ვერც ამ გზით მოახერხა. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ბარათების დიდი პერიოდით გამოუყენებლობამ გამოიწვია პლასტიკური ბარათების დაბლოკვა, რის გამოც გალში მყოფ მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად მდინარე ენგური გადმოცურვაც კი უწევს. ამის გამო გახშირდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 7 ივლისს, ე.წ. საზღვრის კვეთის მცდელობისას, რუსმა მესაზღვრეება საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, 9 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა ენგურის გადაცურვის მცდელობის გამო დაახლოებით 30 მოქალაქე დააკავეს. „საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო, თითოეულ მათგანს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 3,000-დან 20,000-მდე რუბლის გადახდა ემუქრება.

ამ გარემოებებს თან ერთვის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც. ერთი მხრივ გალში მცხოვრებლები ვერ ახერხებენ საარსებო მინიმუმის მიღებას, ხოლო მეორე მხრივ ვერც არსებული რესურსით ყიდულობენ საკვებ პროდუქტს, მედიკამენტებს და სხვა იმ პირველადი საჭიროების ნივთებს, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის არის საჭირო. ეს ყველაფერი განპირობებულია ე.წ. საზღვრის ჩაკეტვით, რადგან გალის რაიონში პროდუქტის მომარაგება სწორედ ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხდებოდა. პანდემიის პირობებში გალი აღმოჩნდა ჰუმანიტარულ კრიზისში” – ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებას ამ დრომდე შეეძლო ეშუამდგომლა ბანკთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი პირებისთვის გახანგრძლივებულიყო დევნილთა შემწეობის მიღებისთვის აუცილებელი პლასტიკური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადა.პრობლემის მასშტაბების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გალის მაცხოვრებლების დასახმარებლად გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება და მათი ჩართულობით მოხერხდეს პირველადი საჭიროების ნივთებისა და მედიკამენტების მიწოდება.

წინა სტატიაევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ ოპოზიციონერთა წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეების გამო
შემდეგი სტატიაSimply book a psychic reading in case you’re all set to go in with an open mind and an open heart.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური