,,ხელისუფლება კონკრეტული მედიის დემონიზირებას და ქვეყანაში აზრის გამოხატვის კონტროლსა და მასზე გამყინავი ეფექტის მოხდენას ცდილობს”. – არასამთავრობო ორგანიზაციები ,,მთავარი არხის” მიმართ სუს-ის მოქმედებას აპროტესტებენ

0
376

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საბოტაჟის მუხლით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმდინარე გამოძიება კრიტიკული მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევისა და აზრის შინაარსის კონტროლის ნიშნებს შეიცავს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, გამოძიების ფარგლებში მთავარი არხის სიუჟეტზე აქცენტირება, შემაშფოთებელია და აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება ერთი მხრივ, მიზნად ისახავს კონკრეტული მედიის დემონიზირებას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში აზრის გამოხატვის კონტროლსა და მასზე გამყინავი ეფექტის მოხდენას ცდილობს.

როგორც არასამთავრობოები აღნიშნავენ, აღნიშული კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში აშკარა და უხეში ჩარევის ნიშნებს შეიცავს, რაც დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების არსებობას საფრთხეს უქმნის.

მათივე განმარტებით, იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, პირთა გონებისათვის “ინფორმაციული ფილტრის” დაყენებას გულისხმობს.

როგორც ისინის აღნიშნავენ, დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა ყველასთვის უზრუნველყოფილია.

“პრესის თავისუფლება მოიცავს არამ ხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ინფორმაციის გავრცელების უფლებას, არამედ საზოგადოების უფლებას მიიღოს, გაიზიაროს ან უგულებელყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია”, — ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ცალსახად დადგინდება, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში გასული სიჟეტი შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს, მასზე რეაგირება, არა სისხლისსამართლებრივი რეპრესიული მანქანის, არამედ, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ამოქმედებაა ან/და კონკრეტული ადრესატის შემთხვევაში უფლების სამოქალაქო წარმოებით სასამართლოს გზით დაცვაა, რაც საზოგადოების მონაპოვარსა და ქვეყანაში სახელმწიფოს ჩარევებისგან თავისუფალი მედიის არსებობის უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შინაარსს განსაკუთრებულ პრობლემურობას, საარჩევნო წელი და 2020 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ანიჭებს, რა დროსაც კრიტიკული მედიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას სასიცოცხლო როლი ენიჭება არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად შეფასებისთვის.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში ნებისმიერი სახის ჩარევისგან და უარი თქვას მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი რეპრესიის გამოყენებაზე”, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC).

2

წინა სტატიასასამართლო განჩინების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება არ აღუდგინა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ერთ-ერთ ქუჩას აბესალომ ტუღუშის სახელი ეწოდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური