გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს- შსს ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში გავრცელდა

0
495

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

უწყების ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახორციელებდა.

სამძებრო სამუშაოებისთვის 20 ივნისს ზაჰესის დამბა გახსნეს და ჟინვალჰესის დამბა დაკეტეს, რამაც მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა გამოიწვია, რათა სამძებრო სამუშაოები იქ გაგრძელებულიყო. ცხედარი სწორედამ ტერიტორიაზეა ნაპოვნი

რა მოხდა მცხეთაში? ამ სათაურით აქვეყნებს რადიო თავისუფლება ინფორმაციას იმ გარემოებათა სესახებ, რომელთა სემდეგ მოხდა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარება.

,,19 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გაუჩინარდა მისი კვალი.

ამ ეტაპზე, შსს ყოველგვარი დეტალის გასაჯაროვებისაგან თავს იკავებს. ერთადერთი ინფორმაცია, რასაც ამ ეტაპზე, უწყება რადიო თავისუფლებას აწვდის, ეს არის ის, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული.

ცნობილია ის, რომ მოწმეთა გამოკითხვა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის სამმართველოში მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ამ დროისათვის, გამოკითხული უნდა იყოს ათობით მოწმე, რადგან წვეულებაზე, სადაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მოწმის ადვოკატის თქმით, 35-40 ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო.

ადვოკატი მზია ქასრაშვილი, რადიო თავისუფლებას უყვება იმ დეტალებს, რაც მას მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 19 წლის პირმა მიაწოდა.

მოწმის სტატუსით გამოკითხული ახალგაზრდის მონაყოლით, მოვლენები 18-19 ივნისის ღამეს, მცხეთაში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე დაახლოებით ასე ვითარდება.

წვეულებისათვის ნაქირავებ აგარაკზე, სადაც ახალგაზრდები მეგობარი გოგოს დაბადების დღეს აღნიშნავენ, 35-40, დაახლოებით 19-20 წლის ახალგაზრდები იკრიბებიან. ნაწილი იცნობს ერთმანეთს, ნაწილი არა. დაბადების დღეზე იმყოფება გიორგი შაქარაშვილიც.

ადვოკატი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რამდენიმე მეგობართან ერთად წვეულებაზე თბილისიდან მოგვიანებით ჩადის. მისი თქმით, აგარაკზე მყოფი ახალგაზრდები მათ უკვე ნასვამები ხვდებიან. ახალგაზრდები წვეულებას უერთდებიან. რამდენიმე ხანში, ეზოდან ესმით ხმაური, გადიან გარეთ და ხედავენ, რომ წვეულებაზე მყოფი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჩხუბობს. ჩხუბის მოტივი უცნობია.

მზია ქასრაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და მისი მეგობრები, ჩხუბს გაერიდნენ, ჩასხდნენ მანქანაში და თბილისში წამოვიდნენ:

„მე ვიცავ პირს, რომელიც ჯერჯერობით გამოკითხულია მოწმის სტატუსით და არა ეჭვმიტანილის სტატუსით. ის გიორგი შაქარაშვილს არ იცნობს, მითხრა, იმ დღეს პირველად ვნახეო. მისი მონაყოლიდან ვიცი, რომ გოგომ დაბადების დღეზე დაპატიჟა კლასელები, ჯგუფელები, მეგობრები, ახლობლები, ჯამში 40-მდე ადამიანი. მას შემდეგ, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა აგარაკი მანქანით დატოვა, როგორ განვითარდა მოვლენები, აღარ იცის. თუმცა, სხვადასხვა ვერსიით, რაც ამ დღეებში ვრცელდება, ნაწილი ახალგაზრდებისა მანქანებით წამოვიდნენ აგარაკიდან, ნაწილი კი დარჩა. როგორც სხვა ჯგუფის მიერ მოყოლილი ინფორმაციიდან ვიცი, ერთ-ერთი მანქანა, მიტრიალდა უკან და აგარაკზე დარჩენილი ახალგაზრდები სცემეს. რა მიზეზით, ვინ იყვნენ იმ ჩხუბში, ეს ჩვენთვის უცნობია. მე მხოლოდ ერთ-ერთ მოწმეს ვიცავ, თუმცა, უამრავი მოწმეა გამოკითხული. მე მეტი არაფერი ვიცი. მეც მინდა, რომ მეტი ინფორმაცია მოვიპოვო. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ არის ის ადამიანი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა. ბიჭი ბოლოს სხვა პირმა ნახა, თუმცა, ვინ არის ის, არ ვიცი“.

მედიაში გავრცელებული კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი, აგარაკიდან ერთ-ერთ მანქანას მოჰყავს, გიორგის მეგობარი თბილისში, დიდუბეში ჩამოდის, თუმცა, გიორგის კვალი ამ ვერსიაშიც უჩინარია.

ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე, დაკარგული ახალგაზრდის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, ვარაუდობდა, რომ ალბათობა, რომ ახალგაზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი შესაძლოა რაიმე ფატალური შედეგის მიზეზი გამხდარიყო, მინიმალური იყო.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს აკადემიის“ ფეხბურთელი იყო. თითქმის 10 წლის განმავლობაში, ის აკადემიის შემადგენლობაში ირიცხებოდა. COVID19-ის გავრცელების პრევენციის გამო, ისევე როგორც სხვა სპორტულ გუნდებს, „საბურთალოს აკადემიასაც“ შეჩერებული ჰქონდა ვარჯიშები. თუმცა, როგორც „აკადემიის“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, კახა მგელაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გიორგი შაქარაშვილსა და მისი თანაგუნდელებს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ მწვრთნელებთან. მისივე თქმით, წვეულებაზე, სადაც გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდა, „საბურთალოს“ სხვა მოთამაშეები არ ყოფილან:

„სამწუხაროდ, ჩვენც მხოლოდ ის ვიცით, რაც მედიაში ვრცელდება. ოჯახსაც კი ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს. ვიცით, რომ წვეულებაზე მოხდა კონფლიქტი და შემდეგ მისი კვალი იკარგება. წვეულებაზე არ ყოფილან მისი თანაგუნდელები. შესაბამისად, ამ საქმეზე ჩვენი კლუბიდან არავინ გამოკითხულა. ძალიან შრომისმოყვარე, უკონფლიქტო და სპორტზე შეყვარებული ბავშვი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი და წარმატებული ფეხბურთელი. ამდენი წელია ვიცნობთ, პატარაობიდან, მისგან ხმამაღალი ლაპარაკიც კი არ გაგვიგია. ყველანი შოკში ვართ“.

წინა სტატიაზუგდიდში ხელოვნების ლაბორატორია იხსნება [Video]
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან დევნილი 29 წლის ნიკა ბართავას ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე და მწვანე კვალის ისტორია [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური