რამზან კადიროვი: “ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს”

0
494

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ეხმაურება ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კადიროვის დაკვეთით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

“ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს”. – წერს კადიროვი.

თუმცა, ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, მათ არ დავიწყებიათ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ “მათი სახელმწიფო, მათი ხალხი” და, შესაბამისად, პირადად ის.

“გიორგი გაბუნიას, როგორც აქამდე ვამბობდი, უჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომელსაც შეეძლება ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდა. მას ვურჩევ სწორი დასკვნები გააკეთოს და გონს მოეგოს. სხვა შემთხვევაში, ვიმეორებ, ჩემს მტრად დარჩება”. – წერს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერი უკრაინასაც დაემუქრა, რადგან მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, შეკვეთილ მკვლელობაზე ინფორმაცია სწორედ უკრაინელი სამართალდამცავებისგან მიიღეს. კადიროვი წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში უკრაინელები მისი სახელის წყალობით პიარდებიან. 

“საკუთარ ხალხთან მუშაობა ვერა და ვერ გამოგდით. საბოლოოდ, პერიოდულად ჩემი სახელის ხსენებით გადიხართ ფონს. ისე, ამ პიარისთვის ჩემთან ვალში ხართ. დაიმახსოვრეთ ეს! მოვა დრო, ანგარიშს გავასწორებთ. უცილობლად”. – წერს კადიროვი.

წინა სტატიაევროპარლამენტარი ანჟეი ჰალიცკი: ,, მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რადგან გიორგი რურუა, რომელიც 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, კვლავ დაპატიმრებულია”
შემდეგი სტატია,,კადიროვის განცხადება არის ტერორისტის განცხადება, საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიმართოს” – რომან გოცირიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური