პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ ქართველი ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის ფაქტს ეხმაურებიან, ხელისუფლება კი დუმს და აღნიშნულ საქმეზე სუსის განცხადებით არის შემოფარგლული. სწორედ ეს არის მთავარი პრეტენზია, რომელსაც საზოგადოება აქვს იმ ფონზე, როცა გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ რუსეთის, პუტინის რეაქციით დამფრთხალმა ხელისუფლებამ საბოდიშო წერილები აფრინა მოსკოვში .
,,ველი ხელისუფლების სასწრაფო რეაქციას,რომლის წარმომადგენლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ მაშინ გაბუნიას დაგმობაში. სუს-მა დაადასტურა, რომ მზადდებოდა შეკვეთით განზრახ მკვლელობა. ანუ ნიკა გვარამიას ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგებმებოდა, მართალი ყოფილა. იმედია, ამჯერადაც ისეთივე სწრაფი რეაქცია ექნება ჩვენს ხელისუფლებას,როცა მაშინ,გაბუნიამ რომ პუტინს აგინა- აცხადებს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.
ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ უნდა დადგეს საკითხი, რამდენად არის დაცული საზღვრები და როგორ გადმოვიდა რუსეთის მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე.
“იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული და ის ადამიანი, ვინც დაკავებულია, არ იქნება განთავისუფლებული და გამოძიება დადებს სარწმუნო მთლიან ჯაჭვს ამ დანაშაულისა, რომელიც, საბედნიეროდ, აღიკვეთა. მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, დგება საზღვრების დაცულობის საკითხი, როგორ შემოაღწია ამ ადამიანმა საქართველოში”. – ამბობს გიორგი კანდელაკი.
გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყანაში კიდევ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც იგივე დავალება ექნებათ.
„სამწუხაროა რომ ზოგადად ქვეყანა „პრახადნოი დვორი“ გახდა“. კაცმა არ იცის ასეთ ოპერაციებს, როდესაც გეგმავენ ჩვენი არაკეთილის მოსურნეები, ამ ოპერაციას ახლავს გეგმა ბეც ასევე და არავინ არ იცის ვინმე დათარეშობს ჯერ კიდევ ჩვენ ქვეყანაში ადამიანის განეიტრალების ან ლიკვიდაციის მიზნით. ეს კიდევ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ სრულფასოვანი სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ შევქმენით” -აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.
ხელისუფლების პოზიცია ერთობ უცნაურია – დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას “ისტერია თავადაც არ დაუკლია” და ნაკლები ინფორმაციის ქონის გამო ვერ იტყვის რასთან გვაქვს საქმე. ამ თემაზე კომენტარი მან რუსთავი 2-თან გააკეთა.
“არ ვიცი მართალი გითხრათ ეს საკითხი ბოლომდე, ისტერია მემგონი თავად გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გეტყვით ახლა აქ რასთან გვაქვს საქმე. ეს ისეთი თემაა, ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს დასკვნის გაკეთება ძნელია”, — თქვა რომან კაკულიამ.