გადაიდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები და უშველის თუ არა ეს ,,ქართულ ოცნებას”?

0
362

13 ივნისს, ტელეკომპანია იმედის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ, თუ არჩევნების წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, არჩევნები კი ჩატარდება “საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არა უადრეს 45 და არა უგვიანეს 60” დღისა . მისივე თქმით, თუ ოქტომბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნოემბრის დასაწყისში გაუქმდება, არჩევნების ჩატარების თარიღი, “წესით, უწევს დეკემბრის ბოლოს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების საუბრები, პოლიტიკური სპეკულაციაა.

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ არჩევნების გადადების  ობიექტური საფუძველი არ არსებობს და აღნიშნავს, რომ რა დროს და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს არჩევნები, ქართული ოცნება დამარცხდება.

“როდესაც ჯანმრთელობით სპეკულირებს პოლიტიკური ძალა ეს არის ბინძური პოლიტიკური თამაში”, – ასე ეხმაურება ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადავადებას.

ვაშაძის განმარტებით, საქართველოში არსებული დღევანდელი ეპიდსიტუაცია არ იძლევა საბაბს, რომ საპარლამენტო არჩევნები, ნაცვლად ოქტობრისა, როგორც ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, ჩატარდეს “პირობითად დეკემბერში”.

“რაც ყველაზე მთავარია, თავად გახარია გამოვიდა და სამი თვის შემდეგ იძახის, რომ ყველგან უნდა გვქონდეს მასობრივი ტესტირების მექანიზმიო. მე როგორც ვხედავ, ამ პროცესის გაჭიანურება სპეციალურად ხდება რათა მათ ჰქონდეთ გეგმა “ბ”. თუ ოქტომბრის ბოლოსთვის მათ მძიმე რეიტინგული პოლიტიკური მდგომარეობა ექნებათ, ისინი შეეცდებიან, არჩევნები გადაიტანონ დეკემბრის ბოლოსთვის. პირდაპირ ვამბობ, ეს არის ცეცხლთან თამაში, ეს არის თამაში ადამიანების ნერვებზე, შიმშილზე, გაჭირვებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ დღეს არანაირი ვითარება და გარემოება არ არის იმის, რომ არჩევნები გადაიდოს”, – ამბობს ვაშაძე.

ეს არის შიშის ტიპური სინდრომი, როცა არ იციან, ახალი რა მოიგონონ , – ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე  ირაკლი კობახიძის განცხადებას

“ეს არის შიშის ტიპური სინდრომი, როცა არ იციან, ახალი რა მოიგონონ. მათ მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერ დროს, ნოემბერი იქნება ეს, ოქტომბერი თუ დეკემბერი, ისინი დამარცხდებიან და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდებიან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კობახიძის განცხადებით, ფაქტობრივად, ვლინდება ხელისუფლების ჩანაფიქრები. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ და  ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი უშველის , – ამბობს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე – არჩევნების ოქტომბერში ჩატარების საკითხი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება ობიექტურ გარემოებებზე, თუმცა, კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას კორონავირუსის თემით მანიპულირება აქვს გადაწყვეტილი.

”ამ განცხადებით ფაქტობრივად, ვლინდება ხელისუფლების ჩანაფიქრები. ეს ან წამოცდენა იყო ან საცდელი ინფორმაციის სახით გაახმოვანა კობახიძემ ეს აზრი, რათა ენახათ, თუ რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს. ეს ემსახურება რამდენიმე მიზანს, პირველი ის, რომ უნდა მოადუნონ ოპოზიციის აქტივობა და გაურკვევლობაში ჩააგდონ საარჩევნო სუბიექტები. ამასთან, მათ გადაწყვეტილი აქვთ კორონავირუსის თემით მანიპულირება-უნდა ჩაატარებენ ოქტომბერში არჩევნებს, უნდათ – არა, როგორც მათ აწყობთ იმის მიხედვით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მათი რეიტინგი. თუ ოქტომბერში არ მოეწონებათ რეიტინგი, დღეში 5 შემთხვევაც რომ იყოს ქვეყანაში, შეეცდებიან დაძაბული ვითარება შექმნან, გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა და შემდეგ არჩევნები გადაწიონ. როგორც ჩანს, გეგმავენ რა დროში ააწყობენ პიარს, ფულს, საკუთარ რეიტინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, არჩევნების გადადება დაუშვებელია, რადგან საკონსტიტუციო ციკლიდან არ უნდა ამოვარდეს ქვეყანა. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი უშველის. თუნდაც კონგრესმენების ბოლო განცხადებები მოწმობს იმას, რომ მათთვის უკვე გამოტანილია განაჩენი,“- განაცხადა გოცირიძემ.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის წინადადებამ ერთიანი სიის შედგენის შესახებ ოპოზიციური პარტიების ნაწილს ორპოლუსიანობის შიში აღუძრა
შემდეგი სტატიაბაღებში, სკოლებში და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტებში დასაქმებულ ხალხს უკვე აფრთხილებენ, არ გაბედონ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური