შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია – საქართველო აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ

0
419

10 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში 2019 წელს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. ყოველწლიურ ანგარიშში მიმოხილულია რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული ვითარება ყველა ქვეყანაში. დოკუმენტი მოიცავს სამთავრობო პოლიტიკას რელიგიის სფეროში, რელიგიური ჯგუფების მდგომარეობას, აშშ-ის პოლიტიკას მსოფლიოში რელიგიური თავისუფლებისთვის ხელშესაწყობად.

მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებული როლი

ანგარიშში საქართველოს 16 გვერდი ეძღვნება. განყოფილებაში „მთავრობის მიერ რელიგიური თავისუფლების პატივისცემის მდგომარეობა“ განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული პრივილეგირებულ როლზე, რომლითაც სარგებლობს ქვეყანაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკონსტიტუციო შეთანხმების, კონკორდატის საფუძველზე სმე-ს მინიჭებული აქვს უფლებები, რომლებიც არ მოეპოვებათ სხვა რელიგიურ ჯგუფებს. მათ შორისაა სმე-ს პატრიარქის სამართლებრივი იმუნიტეტი, სმე-ს სასულიერო პირთა გათავისუფლება სამხედრო სამსახურიდან (თუმცა, როგორც ანგარიშის ავტორები შენიშნავენ, კანონით ყველა რელიგიური დაჯგუფების სასულიერო პირები თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან), ასევე სმე-ს მთავრობაში საკონსულტაციო როლი აქვს, განსაკუთრებით – განათლების საკითხებში.

ანგარიშში მიმოხილულია ასევე სმე-ს ეკონომიკური პრივილეგიები. მაგალითად, სხვა რელიგიური ჯგუფებისგან განსხვავებით, მხოლოდ სმე-ს საპატრიარქო არის გათავისუფლებული „ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების“ გაყიდვით მიღებული მოგების დაბეგვრისგან.

მხოლოდ სმე-ს შეუძლია არასასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა პირდაპირ სახელმწიფოსგან, მაშინ, როცა რელიგიურმა ჯგუფებმა ასეთი მიწის შესაძენად საჯარო ტენდერში უნდა მიიღონ მონაწილეობა. მხოლოდ სმე-ს აქვს უფლება, უსასყიდლოდ მიიღოს სახელმწიფო ქონებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები. სხვა რელიგიურმა ჯგუფებმა ამისთვის თანხა უნდა გადაიხადონ.

ვიტალი საფაროვის საქმე

ქვეთავში, რომელშიც მიმოხილულია რელიგიის საკითხებისადმი ხელისუფლების ორგანოების დამოკიდებულება, გამორჩეული ადგილი უჭირავს 2018 წლის გახმაურებულ სისხლის სამართლის დანაშაულს – ადამიანის უფლებების 25 წლის აქტივისტის, ვიტალი საფაროვის მკვლელობას. ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოს დასკვნაზე, რომ საფაროვი, რომელიც ებრაული და იეზიდური წარმომავლობის იყო, არ მოუკლავთ „რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის“ ნიადაგზე. იქვე აღნიშნულია, რომ ამ დასკვნას არ ეთანხმებიან უფლებადამცველები, რომელთა აზრით, საფაროვის მკვლელები ნეონაცისტურ ჯგუფებს ეკუთვნოდნენ და ულტრანაციონალისტური იდეების მატარებლები იყვნენ.

რელიგია საპატიმროებში

ციხეებში ვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში პატიმრებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამლოცველოებით, მაგრამ პენიტენციურ დაწესებულებებში არ მოიპოვებოდა სივრცე სხვა რელიგიური პრაქტიკის აღსრულებისთვის.

პარლამენტს არ გაუუქმებია არაკონსტიტუციური პრივილეგიები

პარლამენტმა „გასულ წელს პარლამენტმა რამდენჯერმე განიხილა კანონი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით უპირატეს პოზიციაში აყენებს და დაბეგვრისა და კერძო საკუთრების საკითხებში პრივილეგიებს ანიჭებს. 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სმე-ს საგანებო პრივილეგიები არაკონსტიტუციურია და მოითხოვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ეს პრივილეგიები ან გაუქმდებოდა, ან ყველა სხვა რელიგიურ ჯგუფსაც მიენიჭებოდა,“ წერენ ანგარიშის ავტორები და დასძენენ, რომ პარლამენტმა დადგენილ ვადებში ვერ მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა.

დისკრიმინაცია სამშენებლო ნებართვების გაცემაში

არამართლმადიდებელი რელიგიური ორგანიზაციები კვლავაც აწყდებოდნენ მთავრობის წინააღმდეგობას, როცა ისინი ცდილობდნენ ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი შენობებისთვის სამშენებლო ნებართვის მოპოვებას. კონკრეტულ შემთხვევათა შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხს.

ანგარიშში მოტანილია მუსლიმური თემის წევრთა პოზიცია, რომ მეჩეთების მშენებლობის საკითხში მთავრობის პოლიტიკაში არ არის საკმარისი გამჭვირვალობა.

რელიგიური დისკრიმინაცია სკოლებში

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რელიგიურ დისკრიმინაციას სკოლებში.

ნახსენებია შემთხვევები, როცა რელიგიის ზოგად კურსებზე ხდებოდა უპირატესობის მინიჭება მართლმადიდებლური თეოლოგიისთვის, საკლასო ოთახებში მართლმადიდებელი წესით ლოცვა. დოკუმენტში ნათქვამია ასევე, რომ სკოლებში საჯაროდაა გამოფენილი ხატები და რელიგიური სიმბოლოები, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს პროზელიტიზმს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოსწავლეებს საჯარო დაწესებულებებში არ სთავაზობს რელიგიის ოფიციალურ გაკვეთილებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვკითხულობთ ანგარიშში, განხილული წლის განმავლობაში „სმე-ს სასულიერო პირები სტუმრობდნენ ხოლმე საჯარო სკოლებს სასწავლო საათებში, რაც კანონით მხოლოდ სკოლის შემდეგ საათებშია ნებადართული. ეს ხდებოდა ხოლმე ცალკეული მასწავლებლების ან სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით“.

თვალსაჩინოებისთვის ნახსენებია მართლმადიდებელი სასულიერო პირის შეხვედრა პედაგოგებთან, რომელზეც მან ისაუბრა უპირატესად მუსლიმებით დასახლებულ აჭარაში ქრისტიანობის მნიშვნელობაზე. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთი საშუალო სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ განათლების სპეციალისტთა „მოვალეობაა, მოსწავლეები მათ ძველ რწმენას დაუბრუნონ.“ ამ საკითხთან დაკავშირებით უფლებადამცველთა საჩივარი უპასუხოდ დარჩა, შენიშნავენ ანგარიშის ავტორები.

რელიგიური დისკრიმინაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე

სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა დარღვევებს „უცხოური და არასახელმწიფოებრივი აქტორების“ მხრიდან.

ოკუპირებულ სამხრე ოსეთსა და აფხაზეთში კვლავაც მკაცრად იდევნებიან იეღოვას მოწმეები. თუმცა ზოგ შემთხვევაში ისინი ახერხებენ რელიგიური შეკრებებისთვის განკუთვნილი შენობების ქირაობას.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს კვლავაც არ შეეძლოთ მგზავრობა ან ღვთისმსახურება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, მათ შორის ძირითადად ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში. რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანახმად, რაიონის ეთნიკური ქართველები იძულებული იყვნენ, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე გადასულიყვნენ რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნად,“ ვკითხულბთ ანგარიშში.

იქვე მოტანილია მაგალითები Amnesty International-ის მიერ 2019 წლის ივლისში გამოქვეყნებული ანგარიშიდან, რომელშიც ლაპარაკია, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში და მის გარშემო მცხოვრები მოსახლეობა რუსეთის სამხედროთა მხრიდან დაკავების შიშით ვერ დადიოდა დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე ეკლესიებში.

დოკუმენტში საუბარია ასევე Freedom House-ის 2019 წლის თებერვლის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სულ უფრო მეტად აიძულებს მის ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიებს, შეუერთდნენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

რელიგიური უმცირესობები საფრთხედ აღიქმებიან

ქვეთავში „საზოგადოების მიერ რელიგიური თავისუფლების პატივისცემის მდგომარეობა“ ნახსენებია ევროპის საბჭოს 2018 წლის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ლგბტი ადამიანთა შემდეგ იეღოვას მოწმეები არის ის ჯგუფი, რომელმაც ყველაზე მეტი ალბათობით შეიძლება განიცადოს დისკრიმინაცია.

ანგარიშში მოტანილია სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის დასკვნა, რომ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულია რწმენა, რომ რელიგიური უმცირესობები საფრთხეს უქმნიან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქვეყნის კულტურულ ფასეულობებს. აქვე მოტანილია ევროპის საბჭოს 2018 წლის ანგარიშის დასკვნა, რომ მოქალაქეთა 36% პროცენტის აზრით, მრავალფეროვნება უარყოფითად მოქმედებს ქვეყანაზე და ზიანს აყენებს მის კულტურასა და ტრადიციებს.

შეუწყნარებლობის ტირაჟირება

ანგარიშში მიმოხილულია რელიგიური შეუწყნარებლობის შემცველი განცხადებები, რომლებიც ტელევიზიით, ინტერნეტსა და ბეჭდურ მედიაში კეთდებოდა. მათმა რიცხვმა წინა წელთან (148) შედარებით იკლო, 2019 წელს 55 ასეთი ინციდენტია აღრიცხული. საგანგებოდაა გამოყოფილი დეკანოზ დავით ისაკაძის სიტყვები, რომ კათოლიციზმი ქრისტიანული დოგმებიდან ყველაზე დიდი გადახვევა და ერესია.

წინა სტატიაოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას ჰგავს – ირაკლი კობახიძემ ,,პოლიტკულტურის” რეკორდი მოხსნა
შემდეგი სტატია,,რუსული ჯარი უნდა გავიდეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. მას არა აქვს უფლება თავისუფლად შევიდეს და დაიპყროს ეს ტერიტორიები” – აშშ-ის ელჩი ეუთო-ში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური