ცალკეულ დღეებში საქართველოში ტემპერატურა +37 +40 გრადუსამდე მოიმატებს

0
407

ზაფხულში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსები სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოში ტემპერატურის მომატებას +37 +40 ვარაუდობენ.

„2020 წლის ზაფხულის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებზე ზაფხულის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, ნალექების რაოდენობა კი აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება. სპეციალისტები სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში .

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-23) მომზადებული 2020 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

წინა სტატიათუ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე შეხვალთ, 50 ლარით დაჯარიმდებით – პარლამენტის ბიუროში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილება
შემდეგი სტატიარადიო გადაცემა „დიალოგი“ – სტუმარი, სოც მუშაკი, ზვიადა ქადარია (აუდიო ჩანაწერი)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური