ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მერს, გიორგი შენგელიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს, საქმე ეხება კედიას ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთს, ყოფილი სახანძრო შენობის ტერიტორია ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანია „ვენჯორჯიამ“ აუქციონის წესით 363 ათას ლარად იყიდა. კომპანიას ქონდა ვალდებულება რომ მილიონ ნახევარი აშშ დოლარი დაებანდებინა, რაც საერთაშორისო ბრენდის შემოყვანით და 70 ადამიანის დასაქმებას გულისხმობდა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საკრებულომ შარშან კომპანიას ორი წლის ვადაში ბიუჯეტის სასაგებლოდ 200 ათას ლარის გადახდა დააკისრა. ვადაგადაცილების შემთხვევაში კი 300 ათას დოლარის ოდენობის ჯარიმის. კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე უნდა გახსნას „დანკინ დონატსი“. ასევე აამუშავოს „სმარტის“ სავაჭრო ცენტრი.
ზუგდიდის საკრებულომ კომპანიას დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა 2017 წელსაც აპატია, მაშინ „ვენჯორჯია“ ჯარიმის გადახდისგან გაათავისუფლა და ვალდებულების შესასრულებლად 2 წლის ვადა მიეცა. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს საკრებულოს სხდომას „ვისოლ ჯგუფის“ მფლობელი სოსო ფხაკაძეც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ორ წელიწადში ზუგდიდში შემოვიდოდა საერთაშორისო ბრენდი, „დანკინ დონატსი“ ან „ვენდისი“.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნულ ადგილზე არა საერთაშორისო ბრენდი, არამედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა, რომელსაც კომპანია “ზუგდიდი პალასი” აშენებდა. აღნიშული გადაწყვეტილებ ადგილობრივმა მოსახლეობამ 2020 წლის იანვარში გააპროტესტა.აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისგფან პასუხს ითხოვდნენ, თუ რატომ გასცა მერიამ ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი ბინების მშენებლობის ნებართვა, მაშინ, როდესაც მათი თქმით, ისედაც მჭიდრო დასახლებაში მწვანე სფარისთვის ადგილი აღარ რჩებოდა.
მაშინ “ოდიშინიუსს” მერიაში განუცხადეს, რომ ნებართვა მშენებლობაზე გაცემული არ იყო და ეს მხოლოდ კანონის ფარგლებში მოხდებოდა. ამ თემასთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა 2020 წლის 4 თებერვალს გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, იმავე შეხვედრაზე ზუგდიდის არქიტექტურული განყოფილების უფროსმა კობა მორგოშიამ განაცხადა, რომ ახალი პროექტის დოკუმენტაცია ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა, ამიტომაც მერიამ გასცა მშენებლობის ნებართვა. ამის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 20 თებერვალს ინვესტორებს შეხვდა. მოსახლეობის პრეტენზიების მოსმენის შემდეგ “ზუგდიდი პალასის” ხელმძღვანელმა ადგილობრივებს პრობლემის გადასაჭრელად დიალოგი შესთავაზა, რის პასუხადაც მიიღო, რომ თუ მათი ინტერესები არ იქნებოდა დაცული, ისინი დავას სასამართლოში გააგრძელებდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ენმ-ს ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება სწორედ კედიას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთს. ზუგდიდი მერს წითლიძე ვისოლის მოთხოვნით სატენდერო პირობებისა და ხელშეკრულების შეცვალაში ადანაშულებს, დეპუტატის თქმით, კერძოდ, მან გაათავისუფლა კომპანია “ვისოლის” შვილობილი კომპანია ყველა ვალდებულებისგან და მიწას კომერციული სტატუსი მიანიჭა. “კომპანია ვისოლი და ბატონი ფხაკაძე არიან ოფოციალური შემომწირველები ქართული ოცნების და გარდა ამისა, პირადი დაინტერესება მერის გეგა შენგელიასი.”- განაცხადა წითლიძემ.
ოპოზიციის ბრალდებებს დღეს გიორგი შენგელიამ უპასუხა: „კომპანია ვენჯორჯიას ჰქონდა ვალდებულება რომ ცენტრში აეშენებინა კომერციული ფართი გარკვეულ ვადაში, კომპანიამ ვალდებულება ამ ვადაში ვერ განახორციელა და ჩვენს მიერ მოხდა ამ ვადის გაგრძელება, ამის სანაცვლოდ კომპანიამ გადაიხადა მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ 200 ათასი ლარი და წარმოადგინა საინვესტიციო ვალდებულებები მილიონნახევარი აშშ დოლარის 20 % -ის ანუ 300 ათასი დოლარის საბანკო გარანტია. რომელიც მუნიციპალიტეტის შემოსავალში მიემართება იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ განახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს იმ ვადაში რაშიც უნდა მოხდეს ამის გაკეთება. აღნიშნულით მუნიციპალიტეტმა დამატებითი შემოსავალი მიიღო 200 ათასი ლარის სახით და და გაიმყარა პოზიციები იმ შემთხვევაში თუ კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გაუჭირდება“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
დღეს ენმ-ს ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.