ზუგდიდელმა, მომავალმა ექიმმა დიმიტრი ქარჩავამ მწყემსების უძველესი ხალხური საკრავი ლარჭემი აღადგინა და დაკვრაც ისწავლა. ლარჭემი/სოინარი მრავალღერიანი ჩასაბერი საკრავია. სამეგრელოში ლარჭემი ჰქვია, გურიაში – სოინარი. ლარჭემ-სოინარი ექვსღერიანია, ღერები სხვადასხვა სიგრძისაა და ერთმანეთთან ხის ქერქით ან კანაფითაა შეერთებული. ყველაზე გრძელი ორი ღერი შუაშია განთავსებული, აქეთ-იქიდან – ორ-ორი, მოკლე. ამგვარი აგებულების, ფორმისა და წყობის მრავალღერიანი სალამური – “პანის ფლეიტა” – მსოფლიოში თითქმის არ გვხვდება. დიმიტრი ისტორიული წყაროებიდან მოძიებული მასალებისა და მელარჭემეების დახმარებით უკვე ამ უძველეს საკრავს თვითონ აწყობს.
პანდემიის დროს, როცა უნივერსიტეტში ონლაინ ლექციები უტარდება, საყვარელი საქმისტვის მეტი დრო რჩება. ლარჭემისთვის აუცილებელი მცენარე ლერწამი მოაშენა და აბრეშუმის ჭიასაც უვლის .
კიდევ ერთი საკრავი, რომელიც გააკეთა, ჭიბონია, ტყავისგან დამზადებული უძველესი საკრავი დიმიტრის საკრავებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
ახალგაზრდა მუსიკოსი 13 საკრავზე უკრავს, ყველა მათგანის დამზადების ტენიკა და ისტორია იცის. საკრავებისადმი განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება სკოლის ასაკიდან გაუჩნდა. სამომავლოდ უამრავი გეგმა აქვს, რაც ფოლკლორს და ხალხურ საკრავებს უკავშირდება