იუბილე, ქორწილი, ქელეხი 10 კაცზე მეტის მონაწილეობით 15 ივლისამდე კვლავ აკრძალულია. – ამის შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაშია აღნიშნული.
დადგენილების მიხედვით, 23 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში თავშეყრის რეგულირების თვალსაზრისით შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს:
- იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
- დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს;
- ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება (პირბადის ტარება) არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;
წერია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებაში, რომელსაც 23 მისს პარლამენტმა მესამე მოსმენით (81 მომხრე) დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებები ინიცირებული ვარიანტისგან განსხვავებულად დამტკიცდა. უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის ინიცირებულ ვარიანტში არ იყო მითითებული, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საკარანტინო ღონისძიებების, მათ შორის გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დროებით და არა – უვადოდ.
მესამე მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში კი გაიწერა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლებელი იქნება 2020 წლის 15 ივლისამდე.