დაატოვებინებენ თუ არა პრემიერის პოსტს გიორგი გახარიას?

0
583

ბოლო რამდენიმე დღეა მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობას დატოვებს და მის ადგილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, არაფორმალური მართვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს მართვა არ ექვემდებარება პოლიტიკურ ლოგიკას. აქედან გამომდინარე, ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ახლაც თუ სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება, ეს იქნება არა ქვეყნისა და მოსახლეობის საჭიროებიდან, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის შეხედულებებიდან გამომდინარე. ამის შესახებ ბაქრაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოსალოდნელია თუ არა პრემიერ-მინისტრის ცვლილება უახლოეს პერიოდში.

„არავინ არ ვიცით, მათ შორის, არა მხოლოდ ოპოზიციამ ან საზოგადოებამ, არამედ არ იცის თვითონ პრემიერ-მინისტრმა, არ იციან მინისტრებმა, არ იციან უმრავლესობის წევრებმა თუ როდის და როგორ მოხდება მთავრობის ჩანაცვლება და პრემიერ-მინისტრის შეცვლა. ჩვენ გვახსოვს წინა პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ფეისბუქ პოსტების შედეგად მიდიოდნენ იმიტომ, რომ არც მათ და არც უმრავლესობის წევრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე თუ რა იყო ბიძინა ივანიშვილის გეგმები. ამიტომ ამ შემთხვევაშიც, ცვლილებები მოხდება არა პოლიტიკური ლოგიკიდან, ქვეყნის ან ხალხის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე როგორ მიიჩნევს ამას მიზანშეწონილად ერთი ადამიანი. ამიტომ გონივრული პროგნოზის გაკეთება რთულია. თუმცა მოარული ხმების დონეზე მეც გაგონილი მაქვს და ვიცი ეს ინფორმაცია, რომ ასეთი ცვლილებები მზადდებოდა ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საკადრო ცვლილებები გადაიდო, არის სწორედ კორონავირუსის პანდემია,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცვლილებებს მოელის ეკა ბესელია, თუმცა რამდენად შეეხება ეს ცვლილებები გიორგი გახარიას პროგნოზირებისაგანთავს იკავებს.

,,პირადად მე, მოქმედ პრემიერს არ განვიხილავ ოპოზიციური პარტიის ლიდერად და არ მგონია, რომ ეს მოხდეს. გარკვეული გადანაცვლება უფრო ალბათ იმ ლოგიკით იქნება განპირობებული, რაც გაცილებით მეტი სიმყარის და სანდოობის გარემოს შეუქმნის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს. ალბათ, სწორედ ეს იქნება გადანაცვლების მთავარი მოტივატორი, თუ ვინ უფრო მეტად დაარწმუნებს მმართველი პარტიის ლიდერს, რომ უფრო მეტად ერთგული იქნება წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების პროცესში. იმდენად არის მოთხოვნა სიახლის და გადახალისების, დიდი ალბათობით, წინასაარჩევნოდ, ცვლილება ალბათ, სჭირდება კიდეც მმართველ პარტიას, ისინი თავადვე გრძნობენ, როგორც ჩანს, ამას იმ კვლევებით, რასაც ატარებენ. ამ ლოგოკიდან გამომდინარე, ვუშვებ, რომ ცვლილება მოხდება და შესაძლოა, უფრო სანდო ადამიანებზე შეჩერდეს არჩევანი. დიდი ხნით, როგორც წესი, ვერავინ ძლებს ამ ძალიან მაღალ პოზიციაზე,”- განაცხადა ეკა ბესელიამ

ხელისუფლება და თავად გიორგი გახარია ამ ინოფრმაციას პრემიერის პოსტზე მისი შესაძლო ჩანაცვლების შესახებ ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

ერთადერთი გამოხმაურება იყო მხოოდ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისაგან, რომლის განცხადებით, პრემიერმინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით გუნდში კომუნიკაცია ან განხილვები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

“ვთვლი, რომ პრემიერი ძალიან წარმატებით უძღვება ქვეყანაში არსებულ მოვლენებს”, — აღნიშნა მინისტრმა.

წინა სტატია,,ნეოკომკავშირლები, რომელნიც წამლავენ ახალგაზრდა თაობას” – ასე იხსენიებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს
შემდეგი სტატია,,ჩვენ დავაკვირდებით , თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით” – საგარეო უწყება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური