რა ვადით შეძლებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გარეშე უფლებების შეზღუდვას?

0
422

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მისგან გამომდინარე კანონებში შესატან ცვლილებებს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებენ შეზღუდონ თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში 21 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს სრულდება. მთავრობა აღარ აპირებს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გასაგრძელებლად.

საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, მთავრობას უსწრაფესად მოქმედების და ეპიდემიის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო კონვენციებს და ხელყოფს პარლამენტის, როგორც მთავრობის მაკონტროლებელი ინსტიტუტის უფლებებს.

კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 21 მაისს განიხილა, მითითებული არ იყო ვადა, რომლის განმავლობაშიც მთავრობა ისარგებლებს შეზღუდვების უფლებით.

21 მაისის სხდომაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გამოთქვა ინიციატივა, რომ შემზღუდავი ნორმები გარდამავალ დებულებებში გაწერონ და აიღონ ვადა მაგალითად, 15 ივლისამდე.

პარლამენტმა 80 ხმით 3-ის წინააღმდეგ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო ამ წინადადების გათვალისწინებით. პარლამენტის ინფორმაციით, ივლისის კონკრეტული რიცხვი მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად შეთანხმდება.

წინა სტატიაგიორგი გახარია: 3 კაცის გადაყვანის შეზღუდვა ყველა სატრანსპორტო საშუალებაში გაუქმდება გარდა ტაქსებისა
შემდეგი სტატიარამზან კადიროვი თვითმფრინავით ჩაიყვანეს მოსკოვში და ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს – მას კოვიდ 19 – ით დაინფიცირების სიმპტომები აქვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური