კელი დეგნანი – “აშშ მოუწოდებს ყველა მხარეს ბოლომდე შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება”

0
452

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პირველი ონლაინ პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. შესავალ სიტყვაში მან რამდენიმე საკითხი გამოყო, მათ შორის, ილაპარაკა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საჭიროებაზე:

“აშშ მოუწოდებს ყველა მხარეს ბოლომდე შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება. მხარეებმა განსაზღვრეს შეთანხმების პირობები, რომელთა მიზანია საქართველოს დაძაბული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაცია. შეთანხმების შესრულება შექმნის გარემოსა და შესაძლებლობას მეტი პლურალიზმისთვის მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში, რაც საქართველოს მოქალაქეების მიერ გაცხადებული სურვილია.

ვაგრძელებთ აგრეთვე მუშაობას პარლამენტთან – საარჩევნო რეფორმებზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებისთვის. აშშ საქართველოს სთავაზობს ექსპერტულ მეგზურობას და რჩევებს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეუთოს რეკომენდაციები სრულად იყოს მოცული საკანონმდებლო ცვლილებებით. ეს რეკომენდაციები შედგენილია საგანგებოდ იმგვარად, რომ აღმოფხვრას წინა არჩევნების ხარვეზები და ხელი შეუწყოს სანდო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ოქტომბერში. ეუთოს ზოგიერთი რეკომენდაცია ამ ორგანიზაციის ანგარიშებში აისახება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდანაც კი.

პარლამენტის სპიკერმა გამართა რამდენიმე ინკლუზიური მოსმენა გასულ თვეში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის უახლესი ვერსიის განსახილველად. მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ეს პროექტი შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

თუმცა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ვიმედოვნებთ, კანონმდებლობის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება ექსპერტების რეკომენდაციები, რომ გაძლიერდეს ამომრჩევლის დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების საწინაღმდეგო მუხლები, აგრეთვე შევა ცვლილებები საარჩევნო დავების წარმართვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობისა და არაერთ სხვა საკითხზე.

ჩვენ გვაშფოთებს ახალი ცვლილებები, რომლებითაც რეგულირდება საარჩევნო მონაცემების გამოქვეყნება, რითაც შეიძლება შეიზღუდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის”.

წინა სტატიამე-12 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დღეს, 20 მაისს დასრულდა
შემდეგი სტატიასპეციალური საინფორმაციო გამოშვება ანტი-covid-ი [გადაცემა-26] [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური