ოპოზიციაში მწვავე კრიტიკით ეხმაურებიან განათლების სამინისტროს განათლების ამუშავების და ანტიკრიზისულ გეგმას, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა მიხეილ ჩხენკელის მიერ პრემიერგიორგი გახარიას მონაწილეობით.
რა გავიგეთ იმ ე.წ. “პრეზენტაციიდან” განათლების ამუშავების და ანტიკრიზისული გეგმის სახელი რომ დაარქვა მატყუარა და თაღლითმა მთავრობამ?! – ამბობს პარტია,,ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე.
გამოცდების თარიღებს და ჩატარების პირობებს გეტყვით, ოღონდ ჯერ ვმუშაობთ და ცოტა ხანში გვეცოდინებაო. მაღალბიუჯეტიანი ტელე-სკოლა დავნერგეთ და კარგი შეფასება მივიღეთ OECD -სგან, ოღონდ ვინ ერთვება, რამდენ მოსწავლეს მოიცავს და რა სტატისტიკური მონაცემები აქვს სახელმწიფოს არ ვიცით. ნიშნებს და შეფასებებს დავწერთ წლის ბოლოს და გამოსწორების საშუალებასაც მივცემთ მოსწავლეებსო. რა ცოდნა მიიღეს ან თუ მიიღეს საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვსო. დახმარება ვისაც სჭირდება დისტანციურ სწავლებაში- მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, ამ კატეგორიას არ ცნობს მინისტრი. თითქოს არც გვყავს 150 000 შიმშილის ზღვარს მიღმა მოზარდი და გაჯეტ-ლეპტოპებს რომ არ ფლობენ ან ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ვითომ არ იცის. სტუდენტებს ჩვენ ვერაფრით დავეხმარებით, უნივერსიტეტებმა ხომ გადაუვადეს გადასახადიო? პროფესიულსაც რაღაცას მოვახერხებთ, გეგმები და ბიუჯეტი გვაქვსო. რა ენაღვლებათ, დივერსიფიკაციაზე კი არ შეიწუხებენ თავს.
ეს არის მორიგი შეურაცხყოფა ანტიკრიზისული გეგმის სახელით, რადგან ეს ანტიკრიზისული კი არა საკუთარი სიშტერის, არაპროფესიონალიზმის და გულგრილობის დამადასტურებელი “გეგმა” ვიხილეთ, რომელსაც განათლების ხარისხთან, ხელმისაწვდომობასთან, შედეგებთან კავშირი არ აქვს. ბიძინას და ქუთაისის ტექნოლოგიურის ხსენება რადგან შეძლო ჩხენკელმა, განათლების ანტიკრიზისულ გეგმას რას დაეძებს”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.
,,ჩვენ მოვისმინეთ თვითკმაყოფილების უცნაური პრეზენტაცია, სადაც არ იყო საუბარი სერიოზულ გამოწვევაზე, მათ შორის ეროვნულ გამოცდებზე, – ასე შეაფასა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განათლების მინისტრის პრეზენტაცია. მისივე თქმით, მაშინ როცა მოსახლოებას და საზოგადოებას უშლიან რომ ოჯახის სამი წევრი ჩაისვან მანქანაში, ივლისში 40 ათასი აბიტურიენტის დიდ საგამოცდო ცენტრებში გადანაწილებაში რომ არაფერი იცვლება, შემაშფოთებელია.
“მათ საერთოდ არ გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ ასევე არაფერი ახალი არ უთქვამთ. ივლისში გამქრალი არ იქნება პანდემია, შემცირებული იქნება, მაგრამ უნდა იყოს მომზადებული სისტემა. ფაქტობრივად, ეს აბიტურიენტები უნდა ატარონ 4 გამოცდაზე. ეს არის შემაშფოთებელი. ჩვენ ვთავაზობთ რომ ამ ვითარებაში აუცილებლად გასაკეთებელია ერთი კომბინირებული გამოცდა, სადაც ერთ სასესიო დღეში შეიძლება ჩატარდეს ყველაფერი. მაქსიმუმ 3 გამოცდა შეიძლება ჩატარეს ერთად და მეოთხე გამოცდა არ არის საჭირო ყველასთვის, ამიტომ აქ ისედაც ნაკლები აბიტურიენტი იქნება. რაიონულ ცენტრებშიც აბიტურიენტებისა და მათი ახლობლების მობილიზება იქნება სახიფათო” – განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროს კანონში აქამდეც უნდა ჩაეწერა, რომ დისტანციური სწავლებისას შეფასება შეიძლება დაშვებული იყოს. ამასთან, რატიანის თქმით, პროექტი “ტელესკოლა” 15 ივნისის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.