მთავრობამ სოფლის მეურნეობის დასახმარებელი პაკეტი წარადგინა – დახმარების რაოდენობა 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარის ტოლი იქნება

0
525

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 12 მაისს, სოფლის მეურნეობის დასახმარებელი პაკეტი წარადგინეს, რომლის მთლიანი ღირებულება 300 მილიონი ლარი იქნება. დახმარების რაოდენობა 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარის ტოლი იქნება – ფერმერებს შესაბამისი ქულები აგრობარათზე დაერიცხებათ. ამასთან ხელისუფლების მიერ დღეს წარმოდგენილი გეგმით, ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც იქნება გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი.

მთავრობაში ამბობენ, რომ პროგრამა შეეხება 200 ათასამდე ფერმერს.პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირი სუბსიდიაა მცირემიწიანი ფერმერებისათვის.

როგორც მთავრობაში განმარტავენ, დახმარების მისაღებად საჭიროა, “ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი”.

“ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, რომ დაურეგისტრირებელი ნაკვეთები დარეგისტრირდება და კიდევ მეტი ფერმერი ჩაერთვება პროგრამაში”, – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მისი თქმით, თუ ფერმერი მიწის რეგისტრაციას 2020 წლის ბოლომდე მოასწრებს, დახმარების მიღებას მომდევნო წელსაც შეძლებს.

0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეებს შეეძლებათ, დარიცხული ქულებით შემდეგი სახის საქონელი შეიძინონ:

  • სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები
  • მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები
  • სათესლე და სარგავი მასალები

1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის მიწის მესაკუთრეებს შეეძლებათ, დარიცხული ქულები გამოიყენონ აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო მიწის აგროტექნიკური (ხვნის) სამუშაოების მომსახურების შესაძენად.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, “არაუმეტეს 10 ჰექტრისა ერთიანი მიწის ნაკვეთებისთვის სუბსიდია შეადგენს მაქსიმუმ 2000 ლარს”.

პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარი იქნება და მისი განხორციელება 2020 წლის 20 მაისიდან უნდა დაიწყოს.

წინა სტატიაასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის პანდემიის დროს შეცვლილი გრაფიკით მუშაობს[Video]
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის დახმარების გეგმა ერთჯერადია და არაეფექტური იქნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური