,,ინაშვილს მაინც დაუჯერეთ. ტყუილი და უტიფრობა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სტილია ” – ოპოზიცია თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება

0
450

ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას „თაღლითობისგან“ ხელის აღებისგან და 8 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

გიორგი ვაშაძემ დღეს მედიასთან განმარტა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც პროპორციული საარჩევნო სისტემის, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართულებებს და ხელისუფლება ამგვარი ქმედებებით დაკარგავს იმ მხარდაჭერას საზოგადოებისგან, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მოიპოვა.

„მე მათ მოვუწოდებ, რომ ხელი აიღონ ამ თაღლითობისგან, თორემ ძალიან მკაცრი იქნება რეაქცია მათთან მიმართებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და რაც მთავარია, საზოგადოების მხრიდან იმიტომ, რომ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და აუცილებლად მათ მოუწევთ შეთანხმების ორივე კომპონენტის შესრულება“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია უტიფრობას და სრულ აბსურდს უწოდებს, ივანიშვილის გარემოცვის მცდელობას თავი აარიდოს შეთანხმებას და ოპოზიციას დააბრალოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა. ,, პროპორციულზეც, რომ გადაგვაგდეს, მერე თქვეს, რომ ჩვენ არ დაგპირებივართო, იდეა ვთქვითო. ეს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სტილია ტყუილი და უტიფრობა-  აცხადებს იგი.

გავიგე, რომ ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და ეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე ასე უარის თქმა მოსულა, რასაც თალაკვაძე, კობახიძე და დანარჩენები აკეთებენ. ეს არ გვიკვირს. მთავარი არის ქვეყნის ინტერესი. 

მე მინდა მოვუწოდო, ნახევრად ხუმრობით, ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ივანიშვილის გარემოცვას ყველას – თუ არ სჯერათ ჩვენი, არც ამერიკის საელჩოს განცხადების, (რომელიც ოქრუაშვილის სამარცხვინო ვერდიქტის შემდეგ გააკეთეს, სადაც პირდაპირ წერია, რომ უნდა შეასრულონ შეთანხმება და შეშფოთება გამოთქვეს ამ ვერდიქტის გამო, რომ არ სრულდება შეთანხმება), არც ევროკავშირის ელჩის, არც ევროპარლამენტარების საკვანძო ლიდერების,  არც ამერიკელი სენატორების, არც საქართველოს მეგობრობის ჯგუფის…თუ არავისი არ სჯერათ, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ.

ადამიანი გამოვიდა და თქვა, არ მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ მექანიზმებზე და სახელებზე და გვარებზე იყო საუბარიო. ერთხელ სიმართლე თქვა ამ ადამიანმა და მაშინაც არ უჯერებენ. ერთ სულ და ერთ ხორც არიან ინაშვილთან სხვა საკითხებზე და ამაშიც უნდა დაუჯერონ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ დროზე მოეგონ გონს, ცოტა დრო კიდევ არის დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ კენჭისყრამდე, იქამდე ის პირობა შეასრულოს, რასაც ხელი მოაწერეს

თუ არ შეასრულებს ამ პირობას, მაშინ ქართულ საზოგადოებასთან ერთად ყველა სტრატეგიული საერთაშორისო პარტნიორისგან უმძიმეს დარტყმას მიიღებს. ეს ქვეყნისთვის კარგი არ იქნება და ეს მას ვერ იხსნის არჩევნებზე. ძალიან მძიმე პოლიტიკურ, პერსონალურ ხვედრს უქადის მას. 

11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა.

წინა სტატიაზუგდიდში მაღაზიების ნაწილი გაიხსნა [Video]
შემდეგი სტატია,,ამერიკის ელჩი კობახიძესთან პოლიტიკურ დებატებში უნდა დაჯდეს, ეს ხომ სასაცილოა?!”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური