,,ამდენი მუქარისა და ქვითინის შემდეგ რაღაც უნდა გაეკეთებინათ – გამოვიდნენ, გაიბუტნენ, ელჩი გამოიწვიეს და მეტი რა უნდა გააკეთონ”

0
469

„ელჩის კონსულტაციებისთვის უკან გაწვევა დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული დემარშია. გასაგებია, რომ ეს სიმბოლური ჟესტია. ამდენი მუქარის და ამდენი ქვითინის შემდეგ რაღაც უნდა გაეკეთებინათ. ქვითინში ვგულისხმობ იმას, რომ ახლა უცბათ გაახსენდათ ქართულ-უკრაინული პარტნიორობა.

ყველა ძალიან კარგად ხვდება და ბუნებრივია, კიევშიც ხვდებიან, რომ ეს სიმბოლური ჟესტია და რაღაც უნდა მოემოქმედებინათ. რა თქმა უნდა, ამაზე შორს არ წავლენ. ამაზე შორს წასვლა უკვე კომიკური იქნება. რაც იყო გასაკეთებელი, მე მგონი, უკვე გააკეთეს. გამოვიდნენ, გაიბუტნენ, ელჩი გამოიწვიეს და მეტი რა უნდა გააკეთონ. ოფიციალური ვიზიტით კიევში „ქართული ოცნება“ ისედაც არ ჩადიოდა, ბოლო 8 წელიწადში უკრაინაში არანაირი სერიოზული ვიზიტი არ ყოფილა. ამაზე მეტად როგორ უნდა გააციონ ურთიერთობები, რომელიც რეალურად ისედაც გაციებული იყო,“ – განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის არა ვიცე-პრემიერად, არამედ რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა გამოწვეულია არა უკრაინის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გაზიარებით, არამედ უკრაინის შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობით.

„საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან რაღაც გამოხტომები უკრაინისთვის ნაკლებად საინტერესოა. უკრაინა საქართველოსთან არც ვალშია და მითუმეტეს, არც საქართველოსი ეშინია. ასე რომ რატომ უნდა გაეწია ანგარიში საქართველოსთვის?! ბოლო 8 წელია, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს უკრაინასთან ცალმხრივად გაციებული აქვს ურთიერთობები შეგნებულად. ამის მერე რატომ უნდა უწევდეს უკრაინა ანგარიშს მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის გამოსვლებს?!“ – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელს დაემთხვა, რაც „ქართული ოცნების“ ნერვიულობის მიზეზია.

„სააკაშვილის დანიშვნა ზუსტად დაემთხვა საქართველოში არჩევნების წელს. 3-4 თვეში მას არავინ მოსთხოვს, რომ უკრაინა ააყვავოს, რაღაც დრო ექნება. თუ ააყვავებს, სულაც არ მეწყინება. თუ უკრაინას ეშველება რამე, არანაირად არ უნდა გვეწყინოს. თუ ვერ ააყვავებს, რაღაც დროს მიცემენ, ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე ყველა ვარიანტში იქნება სააკაშვილი. ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ „ქართულ ოცნებაში“ და ეს ანერვიულებთ მათ, ეს არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, დანარჩენი მეათეხარისხოვანია მათთვის,“ – განაცხადა მან.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: უკრაინა-საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ გააჩნია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარი – საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური