გადადგა თუ გადააყენეს? საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ დაკავებული თანამდებობა დატოვა

0
431

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იგი პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა, სხვა სფეროში საქმიანობის შეთავაზების გამო.

სამინისტროს მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სწორედ მიხეილ ნინუას უშუალო ხელმძღვანელობით და ჩართულობით ხორციელდებოდა COVID-პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანების, კერძოდ, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფა:

„აღსანიშნავია, რომ მიხეილ ნინუამ სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო და გეგმავდა უწყების დატოვებას, თუმცა უძღვებოდა რა პანდემიის ფონზე არსებული ამოცანების გადაჭრის პროცესს, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ აღნიშნული კრიტიკული ფაზის დასრულების შემდეგ“, – განმარტავენ სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ მიხეილ ნინუას დიპლომატიური კორპუსის ფასეულ და ღირსეულ წევრად განიხილავენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ ნინუა 2018 წლის ოქტომბერში დაინიშნა. საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი მას 2007 წლიდან აქვს მინიჭებული, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კერძო და სახელმწიფო სექტორში. მათ შორის ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები, იყო ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შპს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი პირველ განცხადებებს აკეთებს უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი: მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევს, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური