ზუგდიდში, მუზეუმის შესასვლელთან, ყოფილი მეოთხე საბავშვო ბაღის დემონტაჟი მიმდინარეობს.ამ ტერიტორიაზე ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის აშენების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მერიამ 2019 წლის სექტემბერში გააჟღერა. უწყების ინფორმაციით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის, კაფე და ვერანდა, რომელსაც ხედი დადიანების სასახლისკენ ექნება.
მეოთხე საჯარო ბაღის რეკონსტრუქციის სამუშაოები 2017 წელს დაიწყო, თუმცა შეჩერდა რამდენიმე თვეში, ამის მიზეზად კი არამყარი საძირკველი დასახელდა. ბაღის რეკონსტრუქციის პროექტის ღირებულება 620 ათას 165 ლარს შეადგენდა. თანხის 55%, რაც 341 091 ლარია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო, დანარჩენი კი რეგიონული განვითარების ფონდიდან განისაზღვრა.
ყოფილი მეოთხე ბაღი ზუგდიდში 60-იან წლებში აშენდა












