მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ემიგრანტებს: მიმართეთ გახარიას და მის პატრონ ივანიშვილს, დაუშვან ნებართვა! ისინი ბლოკავენ ჩვენს შეთავაზებას 10 ათასი თქვენგანი უფასოდ ჩაგიყვანოთ სამშობლოში

0
558

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მას აქვს გეგმა და რესურსები, რომ ცხელ წერტილებში ჩარჩენილი ემიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში ვერ ბრუნდებიან, საქართველოში უფასოდ დააბრუნოს.

მიხეილ სააკაშვილმა, მთავრობის უარის შემდეგ, დღეს კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების გეგმას მთავრობა ბლოკავს.

პრეზიდენტ სააკაშვილის შეფასებით, შეთავაზებიდან 24 საათის შემდეგ, საქართველოს მთავრობის უარი ნიშნავს იმას, რომ “ოცნების” წარმომადგენლები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში “ბუნკერში მყოფი ივანიშვილის” პასუხს ელოდებოდნენ.

სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტების მიმართა, რომ მოსთხოვონ პრემიერ გახარიას მისცეს უკრაინულ ავიაკომპანიას საქართველოში შემოსვლის უფლება. მისი თქმით, სხვა ყველაფერი მან უკვე მოაგვარა.

“24 საათის მოცდის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, ეტყობა სანამ ბუნკერში მყოფ ივანიშვილს დაეკითხებოდნენ, უარი თქვა ჩემს შეთავაზებაზე და კონკრეტულ გეგმაზე – დაუყოვნებლივ ჩამოვიყვანოთ 1000 ქართველი, ვინც ახლა ევროპაშია. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში დამატებით 4 000-ის ტრანსპორტირება მოხდება თვითმფრინავით. 5000 ადამიანს ავტობუსუთ ჩამოვიყვანოთ საბერძნეთიდან და თურქეთიდან.

უკრაინული მთავარი ავიაკომპანია „sky up” მზად არის და ჩანიშნული აქვს რეისები ვარშავადან 31-ში, ბერლინიდან პირველ აპრილს, რომიდან ორში, ბარსელონიდან სამში. შემდეგ კიევიდან და ჰოლანდიიდან არის საშუალება მასობრივად ჩვენი ხალხის გამოყვანის.

ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ამას ჩვენი მეგობრების დახმარებით ვაკეთებთ, იმ ჩვენი მეგობრების დახმარებით, რომლებსაც უყვართ საქართველო და პატივს მცემენ მე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს არცერთი სამშობლოში დაბრუნება ევრო არ დაუჯდებათ. არანაირი 190-200 ევრო, უფასოდ მოგვყავს ჩვენი ხალხი. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ბლოკავს ამ შემოთავაზებას.

საქართველოს მთავრობიდან ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი: თვითმფრინავების დაშვების უფლება, თანამშრომლობა ხალხის კარანტინში გაგზავნისთვის, რომ დანარჩენ მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნას.

მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპაში არიან გაჭედილები. ჩემი შეთავაზება ძალაშია. დაუყოვნებლივ მიმართეთ საქართველოს მთავრობას მოხსნან ბლოკი თქვენს სამშობლოში დაბრუნებას უფასოდ უახლოეს დღეებში ჩვენ მზად ვართ, 10 000 თქვენგანი ევროპიდან უფასოდ ჩავიყვანოთ საქართველოში. უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. ერთადერთი – უნდა მოიხსნას აკრძალვა საქართველოს მთავრობის მხრიდან. მიმართეთ ბატონ გახარიას და მის პატრონ ივანიშვილს. ჩვენ ეს შეთავაზება კვლავ გვაქვს და ვემზადებით როცა მოხსნიან ისინი ამ ბლოკს” – აცხადებს სააკაშვილი.

წინა სტატიატესტებთან დაკავშირებით ისეთი ადამიანები სპეკულირებენ, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ტესტებზე – პრემიერი ოპოზიციის შეთავაზებებზე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა უმოკლეს ვადაში მოიძია უკრაინული ავიაკომპანია „sky up” და სახსრები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს უფასო ჩარტერული რეისებით დაბრუნდნენ სამშობლოში – გრიგოლ ვაშაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური