ბედნიერი ვარ, რომ მყავს ბებიები და საუკეთესო ბაბუა. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად მე არაფერს ვუფრთხილდები – ნოდარ რუხაძე

0
436

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი ნოდარ რუხაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ “ფეიქ” ამბავს და შალვა რამიშვილის გადაცემას, სადაც შეცდომაში შეყვანილი თენგიზ ცერცვაძე აღშფოთებას გამოთქვამს , რომ ,, ზუსტად რუხაძისნაირი ახალგარდები ამბობენ ასეთ საშინელ რაღაცეებს”

“სოციალურ ქსელში თქვენ მიერ წაკითხული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გლობალური პანდემია დადებით მოვლენად მიმაჩნია, არის ტყუილი” – მიმართავს ნოდარ რუხაძე თენგიზ ცერცვაძეს, და აცხადებს, რომ არასოდეს უთქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია.

“ბატონო თენგიზ, უდიდესი პატივისცემა მაქვს იმ ფასდაუდებელი საქმისადმი, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აკეთებთ.

გავიფიქრე პირადად დაგკავშირებოდით, მაგრამ არ მინდა ძვირფასი დრო წაგართვათ, ამიტომაც გადავწყვიტე აქ დამეწერა:

იმედი მაქვს, ძალიან მალე, როდესაც ყველაფერი ადამიანებისა გამარჯვებით დასრულდება, დრო გექნებათ და ჩემს პოსტს წაიკითხავთ.

სოციალურ ქსელში თქვენ მიერ წაკითხული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გლობალური პანდემია დადებით მოვლენად მიმაჩნია, არის ტყუილი.

არასოდეს მითქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არ მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ბებიები და საუკეთესო ბაბუა. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად მე არაფერს ვუფრთხილდები.

არსებობს დიდ ეჭვი, რომ ადამიანი, რომლის ეთერშიც თქვენ ბრძანდებოდით, თავად არის იმ ორგანიზაციის შემქმნელი და ხელმძღვანელი, რომელიც მსგავს ყალბ ამბებს ავრცელებს.

ბიძნური დეზინფორმაცია მიზნად ისახავს ჩვენ შესახებ არასწორი და მცდარი წარმოდგენების შექმნას, რაც, ზოგჯერ, უნდა ვაღიარო, გამოსდით. ზემოხსენებული “ჟურნალისტი” არც თქვენს პიროვნებას სცემს პატივს. მიუხედავად იმისა, რომ მან ზუსტად იცის ამ ამბის სიყალბის შესახებ, ის არ შეეცადა არაფრის გამოსწორებას.

ბატონო თენგიზ, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში გამოცდილმა, თქვენ საუკეთესოდ იცით, თუ რამდენად დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს დეზინფორმაციას.

კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ პოსტის დაწერა მხოლოდ თქვენ მიმართ არსებულმა დიდმა ნდობამ და პატივისცემამ მაიძულა.თქვენი დიდი იმედი მაქვს. მადლობა” – წერს ნოდარ რუხაძე.

ამ წერილის პასუხად ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ნოდარ რუხაძეს ბოდიში მოუხადა.

იგი ამბობს, რომ თუ “ფეისბუქზე” გავრცელებული განცხადება, თითქოს სირცხვილიას აქტივისტი, ნოდარ რუხაძე კორონავირუსის გავრცელებას “ძალიან კარგს უწოდებს, რადგან ძირითადად 70 წლის ადამიანებს კლავს”, ყალბი ინფორმაციაა, მზად არის, ბოდიშიც მოიხადოს.

“მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნამდვილად წავიკითხე. მისი სახელი და გვარიც ეწერა და ფოტოც იდო. ნამდვილი იყო თუ ე.წ ფეიკ ნიუსი იყო, ამაში დარწმუნებული არ ვარ. ნეტა, თუ ნამდვილად ფეიკ ნიუსია. მე ძალიან დამწყდა გული, არა იმიტომ, რომ მე თვითონ ასაკოვანი ვარ, ჩვენი ქართული ტრადიციები არ გულისხმობს იმას, რომ ასაკოვან ადამიანებს პატივი არ ვცეთ. თუ ეს ახალგაზრდა ასე წერს და თუ ეს ფეიკ ნიუსია, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩები და ამაღლებული განწყობით წავალ აქედან. და ის წყენა და დისკომფორტი, რაც მას მიადგა აქედან, კარგი არ არის, მაგრამ მცირეა იმასთან შედარებით, რაც იქნებოდა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო. თუ სიმართლე არ არის, მე მას ბოდიშს მოვუხდიდი”, – თქვა ცერცვაძემ.

წინა სტატიათბილისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო, ამოქმედებულია 60 ერთეული ტექნიკა
შემდეგი სტატიარუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ცუნამი ძლიერდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური