„ჯორჯიან ეარვეის“-ის გენერალური დირექტორი:ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ვიმოქმედებთ საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებით

0
479

„ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია“, – მისწერა „ჯორჯიან ეარვეის“-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ რადიო თავისუფლებას. ბოკერია აღნიშნავს: „ჯორჯიან ეარვეის“-ის ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 მარტს ილაპარაკა „ჯორჯიან ეარვეის“-ის ხელმძღვანელის შესახებ.

„არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ – სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და განხორციელდება კომპანიების ექსპროპრიაცია სახელმწიფოს ინტერესებში დროებით, რა თქმა უნდა, რათა სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები. ეს გადაეცით ამ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან“, – თქვა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გახარია გამოეხმაურა ავიაკომპანიის ხელმძღვანელის განცხადებას, რომლის თანახმად, ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

23 მარტს კორონავირუსის (COVID – 19) მიზეზით ფრენების შეწყვეტის გამო ბათუმში ბერლინიდან თვითმფრინავით საქართველოს 182 მოქალაქე ჩამოვიდა.

მთავრობის ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისი” მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად კვირის განმავლობაში ორ რეისს შეასრულებს

წინა სტატიარამდენიმე საათის წინ ბათუმში ბერლინიდან თვითმფრინავით საქართველოს 182 მოქალაქე ჩამოვიდა
შემდეგი სტატია„უნდა დაიცვათ არა მხოლოდ საკუთარი თავები, არამედ ის მოხუცებიც , რომლებიც გიყვართ“ – ჰოლივუდის ვარსკვლავების მიმართვა ახალგაზრდებისადმი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური