ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კორონავირუსი საქართველოს 3 მოქალაქეს დაუდასტურდა. საბერძნეთის და ესპანეთის შემდეგ, ახალი შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა.
ფაქტი დაფიქსირდა მიუნხენში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის, თუმცა მკურნალობას გერმანელი მედიკოსების მონიტორინგის ქვეშ გადის.
სტაბილურია ათენში მყოფი დაინფიცირებულის მდგომარეობაც. რაც შეეხება მადრიდში გამოვლენილ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქე, რომელიც პარალელურად ონკოლოგიური პაციენტია, კლინიკაშია მოთავსებული.
გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, ქალაქში პანიკაა და მაღაზიებში საკმაოდ დიდი რიგებია, თუმცა გადაადგილება შეზღუდული არ არის.
ქვეყნებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომელზე დარეკვაც შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თავს კარგად არ გრძნობს.
წითელ ზონად გამოცხადებულ იტალიაში კი, რამდენიმე დღეა ხალხი კარანტინში ცხოვრობს, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით იტალიაში გადაადგილება მკაცრად არის შეზღუდული.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 21 ათასს აღემატება, 1000 გარდაიცვალა.