ქართული ოცნება” განათლების სისტემაში მავნებლობიდან სადიზმზე გადავიდა” – დიმიტრი შაშკინი ,,ნიუ პოსტთან” საუბარში ეროვნულ გამოცდებში ცვლილების შეტანას ეხმაურება

0
624

ქართული ოცნება” განათლების სისტემაში მავნებლობიდან სადიზმზე გადავიდა” – ასე ეხმაურება განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო 2020 წლის ეროვნულ გამოცდებში ცვლილების შეტანაზე მუშაობს.


ცნობილია, რომ ამჟამად არსებული მოდელით, რომელიც სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა, სამედიცინო მიმართულების გარდა, ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები ასე გამოიყურება: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა; მათემატიკა – ტექნიკურ მიმართულებებზე და ასევე საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე, ჰუმანიტარულ მიმართულებებზე – კი ისტორია. არსებობს გარკვეული მიმართულებები, სადაც აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო საგნად მათემატიკა ან ისტორიის ჩაბარება შეუძლიათ.

შაშკინის თქმითვე, “სამინისტროს მავნებლურ რეფორმებზე” უკვე ხუმრობაც არ შეიძლება.

“ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული ყველაფერს ძალიან დიდი მონდომებით ანგრევს. მავნებლობდნენ სადაც შეეძლოთ 2018 წლიდან კი ოფიციალურად სადიზმზე გადავიდნენ. ის უვიცი ხალხი, რომლებიც განათლების სისტემაშია, პედაგოგებსა და მოსწავლეებს აწამებს. დაახლოებით ერთი წლის წინ, “ქართულმა ოცნებამ” საატესტატო გამოცდები გააუქმა. მაშინვე ვთქვი, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა, რადგან საატესტატო გამოცდების გაუქმება კონკრეტული საგნების ჩავარდნას გამოიწვევდა.

დავასახელე კონკრეტული საგნები: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკა. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა. დღეს შეშინებული, შეწუხებული უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა ღიად დაიწყეს საუბარი, რომ იმ ცოდნით, რომლითაც გამოდიან მოსწავლეები სკოლიდან, არის ძალიან დაბალი და უნივერსიტეტებისთვის მიუღებელი” – აცხადებს შაშკინი.

განათლების ყოფილი მინისტრი “ნიუპოსტთან” უწყების მიერ საატესტატო გამოცდების გაუქმებას კიდევ ერთხელ უწოდებს უკან გადადგმულ ნაბიჯს:

“საატესტატო გამოცდები ეფუძნებოდა სასკოლო პროგრამას. სწორედ მე ვიყავი ის მინისტრი, რომელმაც დავნერგე აღნიშნული გამოცდები. ხელისუფლება კი რომელმაც ეს რეფორმა გააუქმა, ეროვნული გამოცდების სტატუსით სხვა გამოცდების შემოღებას აპირებს. საუბარია კვლავ, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია მათემატიკაზე.

ხაზგასმით ვამბობ, და პასუხისმგებელი ვარ ჩემივე სიტყვებზე, რომ ეროვნული გამოცდები აცდენილია სასკოლო პროგრამას, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ფუნდამენტური პრობლემაა. ბავშვებს ეკითხებიან, ისეთ საკითხებს, რომლებიც მოსწავლეებს სკოლაში არ უსწავლიათ. ეს ყველაფერი კი რეპეტიტორების ხარჯზე ხდება. ასობით მილიონ დოლარს ჩვენი მოქალაქეები, მშობლები იხდიან იმაში, რომ ბავშვები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადონ”- დასძინა შაშკინმა.

მისივე განცხადებით, ეროვნულ გამოცდებში მსგავსი სიახლე, მით უფრო გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე მავნებლობა და “სადიზმია”.

“ხელისუფლება თავისი უგუნური გადაწყვეტილებებით ამდიდრებს რეპეტიტორებს , უზარმაზარ პრობლემებს უქმნის განათლების სისტემას – შეუძლებელია 6 თვეში ისწავლო მათემატიკა. მსგავსი ცოდნა არ სჭირდებათ უნივერსიტეტებს. როცა საატესტატოს აუქმებდნენ მე მათ ვეუბნებოდი – არ შეიძლება 15 წლის მოზარდს მოსთხოვო იყოს რაციონალური. ის ბავშვია და დაადგება იმ გზას, სადაც ჩათვლის, რომ მისთვის კომფორტულია. ბავშვებმა მიატოვეს ისეთი საგნების სწავლა, რომელიც ეროვნული გამოცდებისთვის არ სჭირდებოდა. რამაც საბოლოოდ ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემაში სრული კატასტროფა გამოიწვია. ახლა ეს სადისტები პრობლემის გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო დიდ მავნებლობას ჩადიან”- განმარტა შაშკინმა.

წინა სტატიაიტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილი საქართველოს 150 მოქალაქიდან შვიდს მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა და სტაციონარშია გადაყვანილი
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური