,,ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მცდელობა საკუთარ პარტიულ ინტერესს მოარგოს მაჟორიტარული ოლქები” – დავით ბაქრაძე

0
547

,,ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მცდელობა საკუთარ პარტიულ ინტერესს მოარგოს მაჟორიტარული ოლქები,” – ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებაზე ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ ვერსიას ეხმაურება. ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს შეამციროს ოლქების რაოდენობა იქ, სადაც განსაკუთრებით უჭირს, მაგალითად თბილისსა და იმერეთში.

ბაქრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას დაიწყოს ოპოზიციასთან კონსულტაციები, როგორც ოლქების გადანაწილების, ისე სხვა საარჩევნო საკითხებზე. 

“როგორც ჩანს გავლილმა თვეებმა ხელისუფლებას ვერ გამოატანინა სწორი დასკვნა, რომ ოპოზიციის გარეშე საარჩევნო სისტემის მოფიქრებას და ამ სისტემაზე ხელისუფლების ვერსიებით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ მივმართავ ოცნებას, ოლქებზეც და ყველა სხვა საკითხზეც უნდა გაიმართოს კონსულტაციები ოპოზიციასთან. საბოლოო შეთანხმება ღირებული იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მას დაეთანხმება ოპოზიცია და ეს იყო ამ განვლილი თვეების კრიზისის მთავარი გაკვეთილი და მთავარი მოთხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ჩვენ ასეთი კონსულტაციებისთვის მზად ვართ უახლოესი დღეების განმავლობაში,” – ამბობს ბაქრაძე.

ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების საკუთარი ვერსია შეიმუშავა. ირაკლი კობახიძის თქმით, 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გადანაწილდება თბილისზე და სამ დიდ ქალაქზე. მისივე თქმით, 7 ოლქი იქნება თბილისში, ხოლო თითო-თითო ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. შესაბამისად, 20 ოლქი გადანაწილდება დანარჩენ რეგიონებზე. 

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება:

თბილისი – 7, აჭარა – 3, გურია – 1, სამეგრელო 3, რაჭა -ლეჩხუმ- სვანეთი – 1, იმერეთი – 4 , შიდა ქართლი -2, კახეთი – 3, ქვემო ქართლი – 3, სამცხე- ჯავახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 1.

8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილები და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

წინა სტატიაოდიშის ტახები. ტყარ ღეჯცალო ვეკნიკინანს – ტახივით ვერ დაახევინებ უკან
შემდეგი სტატიაზედაეწერში ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე მივიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური