ადამ კინზინგერი: “თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ცდება”

0
662

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრების ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის, ახალ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ ვერ იხილავს პროგრესს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, “ბევრისთვის მოულოდნელი იქნება”, რასაც გააკეთებენ. 

ბოკერია ამბობს, რომ ზოგადად, პარტნიორებს შორის ასეთი რეაქცია გამოიწვია იმან, თუ როგორ მოიქცნენ ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და “მისი პოლიტიკური მასხარები”. 

“პრაგმატულად ყველა ჩვენს მეგობარს აქვს ინტერესი, რომ მის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ეს ადამიანები, ეს უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა, საკუთარი ამ ბრიყვული გათვლის გამო, რომ ასე შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, შარში გვხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან. ეს ყველაფერი საქართველოსთვის ზიანის მიმყენებელი ვითარებაა, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილმა შეიყვანა,”- ამბობს ბოკერია. 

კითხვაზე, რა შეიძლება გულისხმობდეს კინზინგერი “ბევრისთვის მოულოდნელ” გადაწყვეტილებაში, ბოკერია პასუხობს, რომ ის კონგრესმენების ნაცვლად ვერ იტყვის, რა იქნება ეს “სიურპრიზი”, რადგან არ იცის.

“კარგი იქნება, თუ ივანიშვილი გააცნობიერებს იმას, რა გზაზე დადგა უკვე თვეებია. თუ ამას გააცნობიერებს, მათ შორის ამ გზავნილების შედეგად, ჯერ კიდევ აქვს პატარა დრო გონზე მოსასვლელად,”- ამბობს გიგა ბოკერია. 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, ადამ კინზინგერის, ინტერვიუში “პოლიტპატიმარი არ ყოფილა ნახსენები”.   თუმცა ასევე ამბობს, რომ ინტერვიუში “აქცენტი კონკრეტულ შემთხვევაზე”, გიგი უგულავას დაპატიმრებაზე იყო გაკეთებული. 

კონგრესმენმა კინზინგერმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში სვა საკითხებთან ერთად ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან შეშფოთდა, როდესაც მასთან მივიდა ხმები, რომ უგულავას დაპატიმრება იგეგმებოდა. კინზინგერის თქმით, მან თავისი პოზიცია ქართული ოცნების ლიდერებს “ძალიან ნათლად” გააცნო და უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება “საშინელი იქნებოდა”. 

“ქართველ ხალხს სჭირდება იცოდეს, რომ მათი სასამართლო სისტემა, როგორც აქ, შეერთებულ შტატებში, სამართლიანი და თავისუფალია და არ აქვს პოლიტიკური მიკერძოება. ჩვენ ძალიან ვღელავთ, როცა ვხედავთ, რომ ტელევიზიის მმართველებს, რომლებიც ოპოზიციისადმი სიმპატიით არიან განწყობილები, დევნიან ან პოლიტიკურ ლიდერებს ხელახლა აკავებენ საქმეზე, რომელზეც უკვე მოიხადეს სასჯელი,”– თქვა ადამ კინზინგერმა. 

კონგრესმენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, “გამოიყენოს სასამართლო სისტემა სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის”.

. გარდა იმისა, რომ მისი თქმით, მოულოდნელი იქნება ის, რასაც აშშ მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით პროგრესს ვერ დაინახავს, კინზინგერი ამბობს, რომ “თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არაფერს, ცდება”. ამასთან რესპუბლიკელმა კონგრესმენმა აღნიშნა, რომ კონგრესი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთ აზრზე არიან და საქართველოსთან მიმართებით ადმინისტრაციის მხრიდან “უფრო მეტ ნაბიჯს ვიხილავთ”.

წინა სტატიასაქართველოს საპატრიარქო: ილია მეორისა და სომხეთის პრემიერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგუმოჭყუდურის სევდა და ოდაბადეს ნათელი – გვარს მოწყვეტილი ქალიშვილი შინ ბრუნდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური